ორშაბათს, 18:00 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსეს.
როგორც მათ განაცხადეს, პროტესტი “ოცნების” მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას უკავშირდება, რომლის მიზანიც, მათი შეფასებით, კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარებაა.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის განცხადებას განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების დაანონსებასთან დაკავშირებით.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ.
ასეა დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებსა, თუ ლექტორ-მასწავლებლებს მიუძღვით.
შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ქართული ოცნების რეპრესიების მთავარ სამიზნეს დღეს სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი,რისთვისაც მ ეს ცვლილებები დააანონსა არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ასევე, ეს არის მუქარის გზავნილი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ღიად გამოთქვამს კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლების ევროპული აკადემიური სივრცისგან იზოლირებასა და დამორჩილებას ემსახურება.
ჩვენ, სტუდენტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს სივრცე. ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური შინაარსით. ადგილი, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია, ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის.
სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ მასწავლებელს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე არ ყოფილხართ ჩართული წინააღმდეგობაში, შემოგვიერთდით, რადგან დღეს “ქართული ოცნების” რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
გახსოვდეთ, რომ ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით”, – აცხადებენ სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ