უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა და იქვე დაამატა, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე“.
ოფიციალური მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წელს, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 188 ათასი შეადგინა, საიდანაც 20% უცხოელ სტუდენტებზე, მოდის.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის თანახმად, 2024-25 სასწავლო წელს ქვეყანაში 37 125 უცხოელი სტუდენტი იყო, რაც 20.9%-ით მეტია, წინა წლის მაჩვენებელზე. 2023-24 წელს უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 30 701 იყო.
ამასთან, 2024-25 სასწავლო წელს 29 857 უცხოელი კერძო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 7 268 – სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, გამოდის, რომ უცხოელი სტუდენტების მხოლოდ 19.5% სწავლობს სახელმწიფო სასწავლებელში.
მონაცემების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების 55% ინდოეთზე მოდის, შემდეგ პოზიციებზეა იორდანია 7%-ით და ისრაელი 6%-ით.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს:
· ინდოეთი – 20 319
· იორდანია – 2 487
· ისრაელი – 2 210
· პაკისტანი – 1 186
· სუდანი – 1 774
· გაერთიანებული სამეფო – 1 179
· ეგვიპტე – 1 050
· ლიბანი – 980
· აზერბაიჯანი – 860
· ნიგერია – 618
bpn.ge
