დაუშვებლად მიმაჩნია ისტორიული კონცეფციის შეცვლა სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით – დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის კონცეფციას. მისი თქმით, დაუშვებელია უნივერსიტეტის ფუნქციონირების ისტორიული კონცეფციის შეცვლა და მისი ჩანაცვლება შენობების გაყიდვითა და “სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით”.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ნინო დობორჯგინიძის პოსტს:
“ილიაუნი საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტია კვლევის გარემოსა და ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო პროგრამებისა და მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე ერთობლივი კვლევითი პროექტების მიხედვით. ეს მაშინ, როცა ფაქტობრივად უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელში არც არსებობს/მინიმალურია კვლევის დაფინანსება. ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე უკვე ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია არა მხოლოდ შინაარსით, ტოპოლოგიითაც. ადგილი უნივერსიტეტისთვის, როგორც ნამდვილი გზაშესაყარი სამომავლო განვითარების პერსპექტივით, ისე შეირჩა თავის დროზე და ასეც განვითარდა. ეს ამ ქვეყნის იდენტობის, კულტურული და სამეცნიერო მეხსიერების ადგილებია, საგანმანათლებლო სისტემის რუკაა, გზამკვლევია. სწორედ ამ რუკას მივყვებით და ამით მოვახერხეთ, რომ დიდი ხარვეზებით, წვალებით, მაგრამ მაინც, აგერ 2025 წლისთვის ვართ აქ ჩამოთვლილი გერმანული, ბრიტანული, ფრანგული, ამერიკული და ა.შ. უნივერსიტეტების გვერდით. მოვახერხეთ, რომ სწრაფად მზარდ, წარმატებულ უნივერსიტეტად ვართ მონიშნული საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე. დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ “მოხმარდა” იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას. უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: “აზრის აღებ-მიცემობის” (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია”, – წერს დობორჯგინიძე.
გუშინ, 16 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა. “ოცნების” ახალ ინიციატივას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.