4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 22 წლის სიმონ მახარაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. აღნიშნულის შესახებ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბიჭიკო ლაშხიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მახარაძეს მშობლები არ ჰყავს, ის ოზურგეთში ნათესავების სახლში ცხოვრობს, დაკავების მომენტში კი, სახლში არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ, რომელთაც სპეცრაზმის თანამშრომლებმა იარაღი დაადეს.
„თავს მხნედ გრძნობს. როგორც თავად განაცხადა, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების მომენტში, როცა ის სახლში, ოზურგეთში იმყოფებოდა, სპეცრაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ავტომატები დაადეს მასაც და მის ახლობელ ბავშვებსაც, ერთი 10 წლის იყო, მეორე – 12-ის. როგორც თვითონ მომიყვა, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. ის ნამდვილად აცხადებს, რომ ადგილზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ იმყოფებოდა, ის არათუ ძალადობას, შეხლა-შემოხლის ფაქტსაც არ ადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს 22 წლის ახალგაზრდასთან, რომელიც ობოლია, არც დედა ჰყავს და არც მამა. ოზურგეთში, ახლობლების სახლში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობითაა დაკავებული“,- აცხადებს ლაშხია.




