ლიახვის ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხილვაში ჩაერთო – ცხინვალი

ცხინვალში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ინვესტორები და ადგილობრივი ხელისუფლება განიხილავენ ლიახვის დიდი და პატარა მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას, რაც “სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წარმოების საფუძვლად შეიძლება იქცეს”. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, ცხინვალში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ნაზაროვი, კომპანია „ИГХ Рус“-ის გენერალური დირექტორი პაველ შესტოპალოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები და ინვესტორები, განხილეს ლიახვის დიდი და პატარა მდინარეების ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა.
შესტოპალოვის თქმით, ინიციატივა მოიცავს ჰიდროენერგეტიკული პროექტის შექმნის შესაძლებლობის შესწავლას, რაც რეგიონს საკუთარ ელექტროენერგიის წყაროს მისცემს.
„ჩვენ მიზნად ვისახავთ ორივე მდინარის პოტენციალის გამოყენებას. პირველ რიგში, გვსურს დავიწყოთ ზონკარის წყალსაცავით. ეს ობიექტი საბჭოთა პერიოდში აშენდა და მნიშვნელოვანია, მისი რესურსი არ დაიკარგოს,“ – თქვა შესტოპალოვმა.
კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, წყალსაცავის მდგომარეობის შეფასების შემდეგ შესაძლებელი იქნება ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებს არსებული წყლის ნაკადს.
შესტოპალოვმა არ გამორიცხა, რომ მდინარის ქვემო დინებაში შესაძლოა შეიქმნას ჰესების კასკადი, რაც დამატებით ენერგეტიკულ შესაძლებლობებს გახსნის. მისი თქმით, პროექტის წარმატებისთვის საჭიროა “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით – ჰიდროლოგიური მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით”.
„თუ არსებობს არქივური მასალები, სიამოვნებით შევისწავლიდით მათ. თუ არა, საჭიროა ჰიდროლოგიური დაკვირვების პოსტების მოწყობა, რათა რეგიონის წყლის რესურსებზე მონაცემები მომავალშიც დაგროვდეს,“ – თქვა მან.
ამასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტის განხორციელება მოითხოვს ინფრასტრუქტურის – გზების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების განვითარების კომპლექსურ გეგმას.
გარდა ჰიდროენერგიისა, შესტოპალოვის თქმით, “სამხრეთ ოსეთის კლიმატი ხელსაყრელია მზის ენერგიის გამოყენებისთვისაც”:
„ჩრდილოეთ ოსეთში ნისლია, სამხრეთში კი მზე, თითქმის, მთელი წელი. ამიტომ შესაძლებელია ჰიდროენერგიასთან ერთად მზის პანელების გამოყენებაც,“ – განაცხადა მან.
პროექტის მომზადების მიზნით, როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ სამხრეთ ოსეთის მთავრობის, რუსეთის მხარისა და კომპანიის „Кавказ.РФ“ წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა