“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანები “იმალებოდნენ”. ასე ახსნა მან დაკავების მეთოდები – სპეცრაზმელებს სახლებში შევარდნა, მათ შორის იქ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიმონ მახარაძის დაკავებისას “ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე”. მან თქვა, რომ ეს არის “სამარცხვინო ტყუილი”.
“ტყუილებს ნუ იტყვით. 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, ეს არის სამარცხვინო ტყუილი […] ეს კადრი ნახეთ თქვენ, რომ 4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს? ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში და სპეცრაზმი სჭირდება. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობა იმისათვის, რომ მოხდეს დაკავება. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება – ჩვენ გავაფრთხილეთ, ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან. თუმცა, ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზს, კიდევ აპირებენ თუ არა ადამიანებს დაკავებას 4 ოქტომბრის საქმეზე, კობახიძემ ასე უპასუხა:
“რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული”.
17 ოქტომბრის ღამეს კიდევ 10-მდე ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებს.აქტივისტების ცნობით, დაკავებულთა შორისაა მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც არის მარტოხელა დედა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სპეცრაზმი მეყანწიშვილის სახლში მაშინ შევიდა, როცა 6 წლის შვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
მეყანწიშვილი რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და 4 ოქტომბრის შემდეგაც არაერთხელ იყო აქციაზე. მათ შორის, 14 ოქტომბერს, როცა პარლამენტთან ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მივიდა. მეყანწიშვილი მაშინ წერდა, რომ თარჯიმანმა, “რომელიც სავარაუდოდ ჩვენმა არალეგიტიმურმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწება მათ”, ეუთოს თავმჯდომარე და მისი დელეგაციის წევრები “ტურისტების ჯგუფად” გააცნო. თუმცა, მეყანწიშვილმა საერთაშორისო დელეგაციის წევრები იცნო, ესაუბრა და მიმდინარე უწყვეტი შესახებ მოუყვა.
დღევანდელი დაკავებულების გარდა, 4 ოქტომბრის საქმეზე 41 პირია დაკავებული. მათ შორის რთ-ერთი, გიორგი კირვალიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.
“როცა ნახა ინიციალები და როცა იცოდა, რომ აქციაზე იყო, მივიდა და კითხა მე ხომ არ მეძებთო, ეს არის ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე. ეს არ არის იმ ადამიანის საქციელი, როგორსაც ახასიათებენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ხალხს, ვისაც უნდა, რომ აქ რაღაც ტერორისტული აქტები მოაწყოს, პირიქით ამგვარი ადამიანების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს მადლობელი.” – თქვა გიორგი კირვალიძის ადვოკატმა, ბორის ყურუამ TV პირველთან საუბრისას.
ამავე თემაზე:
· „რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი



