აქციებზე დგომის გამო “ქართული ოცნება” სკოლის მოსწავლეებსაც დასჯის. არასრულწლოვანი, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებს დაჯარიმდება, ან ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას სასჯელის სახით გასწევს. ერთწლიან უწყვეტ პროტესტში არაერთი მშობელი საკუთარ შვილებთან ერთად გამოდიოდა. ახლა მშობლებს ციხეში გაუშვებენ, შვილებს კი დააჯარიმებენ ან ერთი წლის განმავლობაში გამასწორებელ სამუშაოს შეასრულებენ.
ჯენზი თაობა ქართული საპროტესტო აქციების სათავეში არაერთხელ აღმოჩნდა. ასე იყო რუსული კანონის დროს, არ დაიშალნენ, არც მაშინ, როდესაც სპეცრაზმი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა. აქციებზე კითხულობდნენ წიგნებს და მეცადინეობდნენ გამოცდებისთვის. ახლა ეს თაობა ოცნების განსაკუთრებული სამიზნეა.
დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წელით დაამტკიცა კანონი, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარებისთვის 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელის მოწოდების დაუმორჩილებლობა კი 60 დღით ან ერთი წლით პატიმრობას გულისხმობს. კანონდარღვევის ყველა მორიგ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 2 წლამდე იზრდება.
ორ დღეში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, წესით მიხეილ ყაველაშვილიც ხელს დაჩქარებულად მოასწრებს და მომდევნო კვირიდან, ამ ახალი კანონით ეცდება ივანიშვილის პარტია საპროტესტო მუხტის ჩახშობას.