მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს AI – გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, AMD-სთან პარტნიორობის გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსოფლიოს გაცილებით მეტი გამოთვლითი ტექნოლოგია სჭირდება“. მიმდინარე წელი ამ მხრივ უკვე საკმარისად დატვირთული გამოდგა. OpenAI-მ, Oracle-მა, Nvidia-მ, AMD-მ და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებების შესახებ განაცხადეს, მათ შორის იყო Nvidia, რომელიც OpenAI-ში $100 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს და ტრამპის ინიციირებული Stargate-ის $500-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც OpenAI, Oracle-ი და SoftBank-ი, ერთობლივად, ახალ მონაცემთა ცენტრებს შექმნიან.
აღნიშნული გარიგებებისა და ს ბუმის გავლენით კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, რომლებიც ამ კომპანიების უკან დგანან, მნიშვნელოვანი მოგება ნახეს. ამერიკულმა Forbes-მა ჯამში ოცი მილიარდერი გამოავლინა, რომელთა ქონებაც, ამ წლის იანვრის შემდეგ, -ინფრასტრუქტურის გარიგებებიდან ყველაზე მეტად გაიზარდა. Forbes-ის გამოთვლებით, ამ პირთა კოლექტიური ქონება, მხოლოდ მიმდინარე წელს, $450 მილიარდზე მეტით გაიზარდა.
2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი მოგება Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა მიიღო. ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულების 73%-იანი ზრდის გავლენით, ელისონის ქონებას თითქმის $140 მილიარდი შეემატა.
საინტერესოა, რომ გასულ თვეში ელისონის ქონება მხოლოდ ერთ დღეში $110 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მატება Oracle-ის აქციების ერთდღიან, 41%-იან ზრდას უკავშირდება, რითაც მან ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა. აქციების ფასის მკვეთრ გაძვირებას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის – Oracle-ის მიერ გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა განაცხადა, რომ წელს შემოსავლები 18 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
თუმცა ელისონი რეიტინგში ერთადერთია, რომლის ქონების ზრდამაც წელს $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და Nvidia-ს დამფუძნებელი იენსენ ჰუანგი არიან წარმოდგენილნი. მაგრამ მათი სიმდიდრის ზრდა, შესაბამისად, $47.6 მილიარდითა და $47 მილიარდით, Oracle-ის დამფუძნებელთან შედარებით უმნიშვნელოა. ცნობისთვის, ჰუანგის წლევანდელი მოგება ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების 40%-ით ზრდას უკავშირდება.
პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დიდი მოგება ღრუბლოვანი გამოთვლითი კომპანიის, CoreWeave-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. CoreWeave-ის აქციების ღირებულება მარტის IPO-ს შემდეგ 250%-ით გაიზარდა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება კომპანიის ოთხი მილიარდერი თანადამფუძნებლის (მაიკ ინტრატორი, ბრაიან ვენტურო, ბრანინ მაკბი და პიტერ სალანკი) და ადრეული ინვესტორი ჯეკ კოგენის ქონების წმინდა ღირებულებას.
მნიშვნელოვანი მოგება ნახეს იაპონური SoftBank-ის დაფუძნებელმა მასაიოში სონმა და რუსული საძიებო ქსელის, Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა. მათი სიმდიდრის წმინდა ღირებულება წელს, შესაბამისად, 142%-ითა და 166%-ით გაიზარდა. SoftBank-ი ტრამპის მიერ გამოცხადებულ Stargate-ის პროექტშია ჩართული, ხოლო ვოლოჟის Nebius-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს აშენებს და Microsoft-ის მსგავს კომპანიებზე გრაფიკულ პროცესორებს აქირავებს. მიმდინარე წელს Nebius-ის აქციების ღირებულება 340%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ვოლოჟმა, ამჟამად უკვე $1.5 მილიარდის ქონებით, მილიარდერთა რიგებში გადაინაცვლა.
ვრცლად forbes.ge – ზე