პრემიერი – გვაქვს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი, თითოეული გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში არსით დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას

დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში თავისი არსით ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევა არის აკადემიური რესურსების და ზოგადად რესურსების ირაციონალური გამოყენება, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა.
„როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობაც, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.
ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში ოთხ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები, ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას.
ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა”, – განაცხადა ირაკლი მ.
ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, სუსტი კავშირია უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, საჭიროა სისტემური მიდგომა.
მისივე თქმით, მთავრობის ანალიზის შედეგად, ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის აცდენა, ხშირად, ძალიან დიდია.
„ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ, თუ როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენა ხშირ შემთხვევაში არის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგიც კი. წინასწარ არავის აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ეს ყველაფერი. ამის შედეგია ის, რომ ხშირად, იურისტი, მაგალითად, ამთავრებს თავისი სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, იგივე ეხება ეკონომისტებს და ა.შ. აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა. წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება,”- განაცხადა პრემიერმა.