ფინანსურად 17%-იანი კლება გვაქვს – სამეგრელოში მდებარე ეთნოგრაფიული სოფელი „სისატურა“ სეზონს აფასებს (bm.ge)

სამეგრელოში მდებარე ეთნოგრაფიული სოფელი „სისატურა“ 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს საშუალოზე სუსტად აფასებს.
როგორც ობიექტის დამფუძნებელი, მარიკა თოდუა BM.GE-სთან აცხადებს, წლიურ ფინანსურ შედეგებში 17%-იანი კლება ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ივნისი და სექტემბერი განსაკუთრებულად აქტიური იყო.
მისივე თქმით, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ივლისსა და აგვისტოში დაფიქსირდა: „ასეთი დაბალი დატვირთვა 2023 წელსაც არ ყოფილა“, – მიზეზად თოდუა ტურისტული ქცევის შეცვლას ასახელებს. თუ წინა წლებში, წინასწარი ჯავშნები რამდენიმე თვით ადრე ხდებოდა, წელს უმეტესობა ბოლო წუთებში ხორციელდებოდა.
„წინასწარი ჯავშნები მაქსიმუმ ერთი თვით ადრე კეთდებოდა, ზოგჯერ კი მხოლოდ ორი კვირით ან რამდენიმე დღით ადრე“, – განმარტავს თოდუა.
„სისატურას“ დამფუძნებლის შეფასებით, სეზონის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტთა რაოდენობა ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან, რომელიც 2024 წელს წამყვანი ბაზარი იყო. ამავე დროს, ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა აზიური ქვეყნებიდან – სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან.
მიუხედავად ზაფხულის ჩავარდნისა, სექტემბერი ტრადიციულად ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო ოქტომბერი საშუალო დატვირთვით მიმდინარეობს. მთლიანობაში, 2025 წლის შემოსავლები 2023 წელთან შედარებით 10%-ით მეტია, თუმცა გასულ წელთან შედარებით კლება მაინც შეინიშნება.