საგარეომ თავმჯდომარის ვიზიტის გამო ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის გამო ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს. სამინისტრო ელინა ვალტონენს აკრიტიკებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის გამო.
„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართვაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი დადადანაშაულებულია „შეცდომაში შემყვანი“ განცხადებების გაკეთებასა და „მანდატის ბოროტად გამოყენებაში“.
„[ეს] აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს“, – წერია განცხადებაში.
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.
14 ოქტომბერს ის თბილისში შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, 15 ოქტომბერს კი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა სთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ სთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
დღეს, 16 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 14 ოქტომბრის აქციაზე ყოფნის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5000 ლარით დააჯარიმა – მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.