„გავუორმაგეთ ხელფასები, თუმცა არ ჩერდება ხალხი – მანქანებს ვაგზავნით და რეგიონებიდან მოგვყავს ცვლები“

„არ ჩერდება ხალხი – მანქანებს ვაგზავნით წარმოებიდან დუშეთში, კასპში, გორამდე ჩავდივართ და იქიდან მოგვყავს ცვლები, რომ იმუშაონ“ , – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, სექტორი ხელფასებს ზრდის, თუმცა სამუშაოს სპეციფიკის და ანაზღაურების მიზეზით, კადრების მასობრივი გადინებაა.
„მუშახელს გავუორმაგეთ ხელფასები და არ ჩერდება ხალხი. მანქანებს ვაგზავნით წარმოებიდან დუშეთში, კასპში, გორამდე ჩავდივართ და იქიდან მოგვყავს ცვლები, რომ იმუშაონ. მუშახელი ფაქტობრივად, არ არსებობს. ბევრი გაიქცა უცხოეთში. ხელფასს ითხოვენ მაღალს. თუ არ მისცემ მუშას დაახლოებით 80 ლარს დღეში, არ გაგიჩერდება. გადით ბაზრობაზე, მოიყვანეთ მუშა და ნახავთ, რომ ასეა… მითუმეტეს, ცხელ ღუმელთან, ასეთ გარემოში, ძალიან რთულია მუშაობა“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მუშახელის დეფიციტზე აქცენტი პურის ფასზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ფქვილის ფასი იზრდება, კადრები კი მაღალ ხელფასს ითხოვენ, პურის ფასი ქვეყანაში მაინც დაბალია.
შეგახსენებთ, რომ კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში პურის ერთ-ერთი ასორტიმენტის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530 გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო 410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირდა.
როგორც მალხაზ დოლიძე აცხადებს, ეს იყო ერთ-ერთი საცხობის ყველაზე დაბალფასიანი კონკრეტული ასორტიმენტი, რომელიც მხოლოდ ერთ ქსელურ მაღაზიაში შედის. თუმცა, არაქსელურმა მარკეტებმა პურს თვითნებურად მოუმატეს ფასი.
კითხვაზე, თუ ამის მიზეზი ფქვილის გაძვირებაა, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა ასორტიმენტის გაძვირებასაც, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ არა.
„არ არის მოსალოდნელი და არც ვცვლით. მხოლოდ ერთ ასორტიმენტზე შეიცვალა ისიც, 10 თეთრიდან რომელიც მოუმატეს, 7 თეთრი რჩება საცხობს, 3 თეთრი მაღაზიას. იქ [სადაც ფასი არ მომატებულა] სხვა კომპონენტები შედიოდა, მას შესაფუთი მასალა, დაჭრა სჭირდება, შრომა და იქ ისედაც გაზრდილი იყო ფასი და შესაბამისად, ეს გათვალისწინებულია. ეს კი არის ყველაზე დაბალფასიანი ასორტიმენტი და აქ არ იყო გათვალისწინებული“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.
bpn.ge