„ევროპულმა საქართველომ“ და ლიეტუვის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„ევროპულმა საქართველომ“ და ლიეტუვის პარტიამ „სამშობლოს ერთიანობა ქრისტიან დემოკრატები“ (TS-LKD) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას ხელი ვილნიუსში მოაწერეს.
„ჩვენთვის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანია ლიეტუვის მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ხელი მოვაწეროთ თანამშრომლობის შეთანხმებას. ლიეტუვა არის საქართველოს გამორჩეული მეგობარი და მისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის აქტიური მხარდამჭერი. “სამშობლოს ერთიანობის პარტიას“ წლებია მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არამხოლოდ ქვეყნის ან რეგიონის პოლიტიკაზე, არამედ მთლიანად ევროპულ გადაწყვეტილებებზე და უსაფრთხოების საკითხებზე. მას ჰყავს არაერთი ცნობილი ლიდერი, მათ შორის მაღალ პოსტებზე ევროპულ სტრუქტურებში, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კარგი პარტნიორობა “ევროპის სახალხო პარტიის” სივრცეში და საერთაშორისო არენაზე, თუმცა ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ეს განსაკუთრებით ფასეულია ახლა, როდესაც დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში დრამატულია და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, ამიტომ ეს მემორანდუმი სიმბოლურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია.
არამხოლოდ ჩვენი პარტიის, “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერაა, არამედ ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, მისი საზოგადოების ევროპული მისწრაფებების. ამისთვის, ჩვენ მადლობელი ვართ და გვჯერა, ამ თანამშრომლობას საჭირო შედეგები ექნება”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
პარტია “სამშობლოს ერთიანობის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის განცხადებით, ლიეტუვა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და მისი ხალხის დამოუკიდებლობას და დასავლურ არჩევანს.
„დღევანდელი ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია, როცა სახეზეა პოლიტიკური რეპრესიები საპროტესტო საზოგადოების მიმართ, პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრება, ანტიდასავლური პროპაგანდა და შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. დემოკრატიული ოპოზიციის დევნა, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებშია და სრულიად წარმოუდგენელია, ეს საქართველოში ხდებოდეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის გაფართოების ფავორიტი იყო. დღეს ვხედავთ წარმატებას მოლდოვაში, კონსოლიდაციას უკრაინის გამარჯვებისთვის, ხოლო საქართველოში ს ჰიბრიდული სტრატეგიის შედეგებს.
ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს “ევროპული საქართველოს” ლიდერთან, გიგი წერეთელთან, ვაფასებთ მისი და მისი კოლეგების ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის, ამიტომ გვინდა ჩვენი მხრივ გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ. თანამშრომლობა “ევროპულ საქართველოსთან”, ამ რთულ პერიოდში დავეხმაროთ პარტიის გაძლიერებაში ჩვენი გამოცდილების გაზიარებით პარტიული მშენებლობის თუ დემოკრატიული რეფორმების , ასევე კიდევ უფრო მეტი ორმხრივი აქტივობის კუთხით საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ლაურინას კასჩიუნასმა.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ლიეტუვის პარტიის ლიდერები და მედიის წარმომადგენლები.
პრესრელიზს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.