პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
წარმოგიდგენთ 2025 წლის 4 ოქტომბერს შეკრებილი მრავალათასიანი ეროვნული კრების დეკლარაციას – უმნიშვნელვანეს დოკუმენტს, რომელსაც ხმა მისცა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე შეკრებილმა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა და რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ტირანიის წინააღმდეგ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს თუ აქციას, მათ შორის 26 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასაც.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საყურადღებოდ ხაზს ვუსვამ:
ამ დოკუმენტის ავტორი ხალხია და არა რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება და ამდენად არ უნდა გაგიჭირდეთ მისი საერთო საქმისთვის უდიდესი მნიშვნელობის სწორად შეფასება.
ეროვნული კრების დეკლარაცია
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ :
ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თითოეული მოქალაქისათვის. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ 3 საკითხს: 1. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს; 2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალებებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია; 3. ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას. 4 ოქტომბერი, 2025წ.
თბილისი, თავისუფლების მოედანი
