„წარდგენილი დეკლარაციების ოდენობა წლიდან წლამდე 15%-მდე იზრდება“ – ლევან დგებუაძე

სტატისტიკა არის მზარდი, წარდგენილი დეკლარაციების ოდენობა როგორც თანხობრივად, ისე რაოდენობრივად წლიდან წლამდე 15%-მდე იზრდება, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური აიდენტიფიცირებს ისეთ ოჯახებს, რომლებიც ვალდებულები არიან გადაიხადონ ქონების გადასახადი და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის შეტყობინებებს უგზავნის.
“1-ელ ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება.
ფიზიკური პირთა ქონების დეკლარაციას ავსებს ფიზიკური პირი თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი გასულ წელს 40 000 ლარს აჭარბებდა და ოჯახს დასაბეგრი ქონება გააჩნია. მეორე შემთხვევაა, როდესაც არ არის დამოკიდებული შემოსავალზე და ფიზიკურ პირს საკუთრებაში გააჩნია მიწა. 1-ელ ნოემბერს იწურება დეკლარირების ვადა. დეკლარაციის წარდგენა, რა თქმა უნდა, ხდება ონლაინ და მომხმარებელს ადგილზე მისვლა არ უწევს.
ვინც არ წარმოადგინა დეკლარაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, მათ მიმართ ვახორციელებთ კონტროლის მექანიზმის ღონისძიებებს და ზოგ მათგან ენიშნება საგადასახადო აუდიტი. სწორედ ამიტომ ყველას ვურჩევთ მიაქციონ ყურადღება იმ შეტყობინებებს, რომელიც მათ ეგზავნებათ შემოსავლების სამსახურიდან”, – აცხადებს ლევან დგებუაძე.