გიორგი შარაშიძე – 6-7-თვიანი პატიმრობების „ჰეროიზაცია“ უნდა დასრულდეს, არ ვამბობ, რომ ეს ხალხი ნებით წავიდა ციხეში, მაგრამ პასუხისმგებლობას გაექცნენ – პირობითად გვარამიას რაც გამოარჩევს სანიკიძისა და წითლიძისგან ისაა, რომ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა

მაინც და მაინც იმას არ ვამბობ, რომ ეს ხალხი [ოპოზიციის ლიდერები] თავის ნებით წავიდა ციხეში, მაგრამ ის, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ, ამას ნამდვილად ვამბობ. მათი მხრიდან თავის არიდება ამ ყველაფრისთვის, იმ შესაძლო სცენარებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. გვარამიას რაც გამოარჩევს [ლევან] სანიკიძისგან და [ანა] წითლიძისგან, არის ის, რომ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
შარაშიძის შეფასებით, ბოიკოტის მომხრე ოპოზიციამ ს ბოიკოტი მეინსტრიმულ იდეად აქცია.
„ „6-თვიანი და 7-თვიანი პატიმრობების ჰეროიზაცია“ უნდა დასრულდეს. ბოიკოტი მართლაც გაბრაზებული და მართლაც გულწრფელად და სწორად აღშფოთებული ხალხის რეაქციებისა და ემოციების გამოყენების ფონზე მეინსტრიმულ იდეად იქცა, რადგან ამ ხალხმა მართლაც დაიჯერა ამ პოლიტიკოსების მოწოდებების გამო, რომ შეიძლება არა არჩევნების, არამედ მშვიდობიანი დამხობით „ქართული ოცნების“ შეცვლა.
„ჰეროიზაცია“ სწორედ ამას აძლევდა. მე არ ვამბობ მაინც და მაინც იმას, რომ ეს ხალხი თავის ნებით წავიდა ციხეში, მაგრამ ის, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ, ამას ნამდვილად ვამბობ. მათი მხრიდან თავის არიდება ამ ყველაფრისთვის, იმ შესაძლო სცენარებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა არის.
პირობითად გვარამიას რაც გამოარჩევს პირობითად სანიკიძისგან და წითლიძისგან, არის ის, რომ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება კითხვაზე, ლევან ხაბეიშვილს, შარაშიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა.
„ხაბეიშვილი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა და იმიტომ, ძალიან სიღრმეებში ჩასავალთ, ამაზე რომ ვისაუბროთ. ეს ადამიანები (ოპოზიციის დაკავებული ლიდერები) ექვსი თვით არიან ციხეში და სულ რაღაც, თვეში უკვე გარეთ იქნებიან და ნეტა იქამდეც გამოვიდნენ, მხოლოდ მივესალმები და ხაბეიშვილს რამდენ ხანში გამოუშვებენ, აგერ თქვენ და აგერ მე. როცა დასჭირდება „ოცნებას“, გამოუშვებს“, – განაცხადა შარაშიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივასაც შეეხო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების საკონსტიტუციო დონეზე აკრძალვას ეხება.
შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ერთი თვეც ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
„ქართული ოცნებისთვის“ მთავარი არის, მუდმივად არსებობდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მტრის ხატი, როგორც საფრთხობელა, რომლის შიშითაც ის ყოველთვის ახერხებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას და ეს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ქართული ოცნების“ პრინციპი ის კი არ არის, რომ „მე კარგი ვარ და მე უნდა ამირჩიოთ“, მთელი კამპანია იმაზეა აგებული, რომ „გასაგებია, ცუდი ვარ, მაგრამ თუ არ გინდათ ჩემზე უარესი მოვიდეს, ისევ მე ამირჩიეთ“, – ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად აპრობირებული პრაქტიკა, რომელსაც ყოველთვის წარმატებით აღწევს.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე იმდენად დიდ ამოცანებს მიაღწია საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გამყარებისთვის, იმდენად „წარმატებით“ ჩაატარა 4 ოქტომბერს სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება აღარც სჭირდებოდეს („ნაციონალური მოძრაობა“). ამ ეტაპზე არ სჭირდება, მაგრამ როდის დასჭირდება, კაცმა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე „ქართული ოცნება“ ერთი თვე ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. დღემდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველა კვლევაში ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მიუღებელი ძალა და მისი ლიდერი სააკაშვილი არის ყველაზე დიდი საფრთხე მათთვის“, – განაცხადა შარაშიძემ.