რუსეთმა უარი თქვა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, საქართველოსთვის 250 მილიონზე მეტი ევროს კომპენსაციის გადახდის შესახებ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენ არ შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი 2022 წელს გამოვიდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან და იმავე წელს მიღებულმა კანონმა ქვეყანას მისცა უფლება, აღარ შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილებები.
“სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს“, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ეს არის საქართველოს ინიციირებული მეოთხე სახელმწიფოთაშორისი დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
