ამერიკაში მოღვაწე ქართველი პოეტის, დევიდ დეფის ლექსები მთვარისკენ უკვე მიემგზავრება. 8 იანვარს ფლორიდის შტატიდან ამერიკულმა კერძო კომპანიამ, პირველად მთვარის მიმართულებით რაკეტა Vulcan-ი გაუშვა, რომელზეც მთვარეზე დასაჯდომი მოდული Peregrine-ი იმყოფება. სამეცნიერო ტვირთის გარდა, Peregrine-ს მთვარის ორბიტაზე არაერთი სიმბოლური და კულტურული ღირებულების ნივთი მიაქვს. მაგალითად თხისა და არქტიკული ზღვის მერცხლის დნმ, ხელოვნების 33 მოღვაწის სისხლის ნიმუში, მუსიკალური ნაწარმოები თუ ლექსები. სწორედ ამ ლექსებში მოხვდა დევიდ დეფის პოეზიაც. გეგმის თანახმად, აპარატი მთვარეზე 23 თებერვალს უნდა დამჯდარიყო, თუმცა მას გარკვეული ტექნიკური პრობლემები აქვს და ჯერჯერობით ყველაფერი პირველადი გათვლების მიხედვით ვერ მიდის. თუმცა ისტორიული მომენტის ათვლა დაწყებულია და დეფის ლექსები მთვარესთან ახლა ძალიან ახლოა.