“ჩემი უბნის ასაკოვანი თბილისელების პასუხი იყო, როდესაც ჰკითხავდი: როგორ ხარ? — იოლად გავდივარ, დავით ჯან. ოღონდ მტერს არ ვუსურვებ ისე იოლად გასვლას, როგორც ამ ქვეყანამ გაიარა დამოუკიდებლობის მერე”

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
დახლამდე ვერ ვწვდებოდი. სამსახურიდან მომავალი ბებიაჩემი შემიყვანდა მაღაზიაში სურსათის საყიდლად.
ხორცს სანამ დადებდა სასწორზე გამყიდველი, 200-გრამიან ქაღალდს დააფენდა.
ამოიღებდა ნაჭერს და დაახეთქებდა. სანამ სასწორი გაჩერდებოდა და დაინახავდი, რამდენს იწონიდა ქაღალდი,
თვალს გაგისწორებდა — როგორც კრიმინალი, რადგან კრიმინალი იყო — ამოწმებდა შეხვიდოდი თუ არა მასთან გარიგებაში. და თან ამით გაიძულებდა გაჩუმებას, დათანხმებას.
ის გპარავდა 200 გრამ ხორცს, შენ კი ცდილობდი შეგენარჩუნებინა მისი კეთილგანწყობა, რომ შემდეგ ჯერზე კარგი ნაჭერი მოეცა,
რომელსაც ძირითადად დახლის ქვეშ ინახავდნენ.
ეს ხდებოდა ცეკას (ცენტრალური კომიტეტის) მაღაზიაში. სხვაგან კრიმინალი იყო უფრო უხეში და უტიფარი.
ეს ქვეყანა ჩემთან ერთად მივიდა იქამდე, რომ ყველა შეთანხმება გახდა კრიმინალური.
ქართული მდიდარია სიტყვებით, რომლებიც შეიძლება გამოიყენო — დალპა, გაიხრწნა, გადაგვარდა…
მყიდველის და გამყიდველის შვილები ერთად სწავლობდნენ, მეგობრობდნენ, ნათესავდებოდნენ.
ასე გაგვიჯდა კრიმინალი სისხლში.
“ჰამლეტს” თავად გარყვნილი რეჟისორი დაგიდგამდა სცენაზე, მასთან კრიმინალურ ურთიერთობაში მყოფ მსახიობთან და დირექტორთან ერთად…
და შენც მიხვიდოდი და ისეთი სიყალბით დაუკრავდი ტაშს, როგორც ბებიაჩემი ყალბი, მაგრამ უკვე ძალიან ჩვეული კმაყოფილებით გადაუხდიდა ხოლმე გამყიდველს ფულს, რომელიც არ ეკუთვნოდა.
ჩათვლის წიგნაკში ჩადებული ათი ლარით მიღებული ნიშნით აუდიტორიიდან გამოსული ბედნიერი სტუდენტი — და რამდენი ასეთი… გონებაშეზღუდულობა.
ჩვენ 2003 წლის მერე გავიგეთ, რომ სწორად ცხოვრება შესაძლებელი იყო… დასავლეთის წყალობით.
რა სიბინძურეც არ უნდა ანთხიონ — ჩვენ მაშინ გავიგეთ, რომ წესი არის იმისთვის, რომ დაიცვა.
როდესაც ვხედავ, რომ უნდა შევეგუო უსამართლობას, სიყალბეს,
ისევ ვხედავ ჩემს თავს დახლთან — ბებიასთან ერთად, მამაჩემის გვერდით მანქანაში, როდესაც მილიციელი ორი ლარის გამოსართმევად უბღვერს, უღიმის, ელაქუცება…
ხელმძღვანელის მიერ დაწერილ დისერტაციას, რომელიც “ავტორმა” რიგიანად ვერც კი ისწავლა…
ხრწნას ვხედავ ფიზიკურს, ვგრძნობ… განსაკუთრებულად მიჭირს ამის მიღება —
ასეთი ადამიანის მიღება, ვინც თუნდაც ოდნავ მაინც არის თანახმა ამას შეეგუოს, ამაში იცხოვროს,
თვალი დახუჭოს…
ვიცი, რომ ამას ბევრი მიზეზი აქვს — განათლება, ოჯახი, რაში აღიზარდა თავად, მისი მშობლები…
სიტყვას “არა უშავს, რაღაცა იქნება“…
ამ სიმყრალიდან თავის დასაღწევად ჩართული ფეხბურთი და ბოლო დროს ყველაზე შექებული ლუდი მაგიდაზე, რამდენიმე ძმაკაცთან ერთად…
და რაღაც უსაგნო და უაზრო მსჯელობა, ბოლოს ღლაბუცში და ერთმანეთის უშნო ხვევნაში გადაზრდილი.
ყველა ნაბიჯზე — “სიბრძნე“: ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკის, ვიღაც თანამდებობის პირის სახლიდან გამოტანილი ჭორის, უშიშროების ვიღაც თანამშრომლის მიერ მოცემული მინიშნების…
როდესაც თანდათან ეფლობი ჭაობში.
ხშირად უთქვამთ და ახლაც მეუბნებიან:
— შენ უნდა ცხოვრობდე ში, შენ ნიუ-იორკისთვის ხარ დაბადებული…
ამას კომპლიმენტად არ მეუბნებიან — მეუბნებიან ირონიაულად, რადგან ვერ ან არ ვუღებ ალღოს თამაშის წესებს, რომლითაც ბევრი, და საბოლოოდ ეს ქვეყანა, იოლად გადის.
“იოლად გავდივარ“ — ჩემი უბნის ასაკოვანი თბილისელების პასუხი იყო, როდესაც ჰკითხავდი: როგორ ხარ? — იოლად გავდივარ, დავით ჯან.
ოღონდ მტერს არ ვუსურვებ ისე იოლად გასვლას, როგორც ამ ქვეყანამ გაიარა დამოუკიდებლობის მერე.
რადგან იოლად გავიდა ბევრი, ვისაც ევალებოდა ლოცვა, მართვა, სწავლება, კვება…
და ამას შეეწირა უამრავი გმირი, შეეწირნენ ახალგაზრდები და თაობები…
ახლაც შეიძლება ბევრი იოლ გზას ადგას, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უფრო გაურთულდებათ.
ამ ქვეყანას ვეღარ გახრწნი.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ასი კაცი წავიდეს პარიზში, ბერლინში, გადაკეტონ ცენტრალური „პროსპექტი“ და რით დამთავრდება, ვიხილავთ – ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი“ აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო