„ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ფსევდო-რევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად, მზია ამაღლობელი საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში.
კონფერენცია, სახელწოდებით „თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა.
„ძალიან მინდოდა ფიზიკურად დავსწრებოდი თქვენს შეკრებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. დღეს მსურს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები მზია ამაღლობელზე — ქალზე, რომელიც იმ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დღეს საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მზია ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა, რადგან ის ერთ-ერთი და არა ერთადერთია მათ შორის, ვინც სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალ მედიას წარმოადგენს; მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე 30 წელზე მეტია იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი მუდამ დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე იდგა აჭარაში, ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს და მშვიდობიანი პროტესტის მოძრაობის დროშად იქცა მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული კურსიდან გადაუხვია.
„თავად ვესწრებოდი მის ბოლო სასამართლო პროცესს, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა და მთელი ამ 11 საათის განმავლობაში მზია ფეხზე იდგა, რადგან დამნაშავეთა სკამზე ჯდომა მისთვის მიუღებელი იყო. ეს არასდროს დამავიწყდება! ის იყო და არის უდანაშაულო! მზია იმ მშვიდობიანი ბრძოლის სახეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონული მედიასაშუალებები დღეს ყველაზე მარტივად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, რადგან ყველაზე მწირი რესურსი აქვთ. ასევე, ხელისუფლების მხრიდან ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის სამიზნეები არიან დამოუკიდებელი არხები.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, დამოკიდებული ვართ თავისუფალ ინფორმაციაზე, რათა განვაგრძოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა. იდებლობა — თავის ევროპულ გზაზე
