ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი (სოციალ-დემოკრატები, ესპანეთი) აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტისას „სოციალ-დემოკრატების“ დელეგაციას „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კონტაქტი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან წერილობით მოითხოვა მზია ამაღლობელთან შეხვედრა და პასუხი არ მიუღია.
ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის დელეგაცია, კეტლინ ვან ბრემპტის, ნაჩო სანჩეს ამორისა და ტობიას კრემერის შემადგენლობით, საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. ნაჩო სანჩეს ამორმა ვიზიტი 13 ოქტომბერს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრაზე შეაჯამა.
მან თქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემო მაისიდან კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები მოხალისეობრივად აგრძელებენ მუშაობას და ბრძოლას.
„ყველა მათგანი ამბობს: „ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ვიბრძვით“. ეს ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო, იმ საშინელი ამბების მოსმენის შემდეგ, რაც გადაიტანეს. არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ მცირე ციფრული მედია საშუალებები ცდილობენ გადარჩენას საარსებო საშუალებების გარეშე. ხაზგასასმელია, თუ რამდენად მედეგი სამოქალაქო საზოგადოება დაგვხვდა“, — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ოპოზიციაზე საუბრისას მან თქვა, რომ ლიდერები ან ციხეში არიან, ან ქვეყნის გარეთ და ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილისა და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერის საჭიროებას. მისი თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ალტერნატიული გზა უნდა დაუპირისპიროს.
„რაც შეეხება პროტესტს, ეს წარმოუდგენელია. სასწაულია, რომ ქვეყანა 317 დღეა ქუჩაში აპროტესტებს იმ ჯარიმების მიუხედავად, რომელსაც ბევრი აქტივისტი იხდის და რომელიც ათასობით ევროს აღწევს, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ხელფასებს. მაგრამ ყველა იქ არის“, — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
მან ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლისკენ მხოლოდ რამდენიმე ასეულმა აქტივისტი დაიძრა, უმრავლესობა კი რუსთაველის გამზირზე დარჩა.
„აქტივისტების მცირე ჯგუფმა, — შეცდომაში შეყვანილმა საკმაოდ უცნაური ნარატივით, თითქოს პოლიცია მათ სასახლის გასაღებს გადასცემდა, — სცადა სასახლის აღება. ჩემი პირადი აზრია, ეს იყო უსაფრთხოების სამსახურების ფაბრიკაცია. ანუ, თუ პოლიციას სურდა 200 აქტივისტის შეჩერება, საპრეზიდენტო სასახლიდან მოშორებით, ამას ადვილად გააკეთებდა. მაგრამ მათ სჭირდებოდათ ძალადობის კადრები. და ძალადობის კადრები იყო მეტალის ღობეზე მიწოლა… შეუძლებელია იმ რკინის კონსტრუქციის ჩამოგდება ფეხის კვრით. ეს უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ საქმე ისაა, როგორ მიუშვეს ისინი საერთოდ ბარიკადამდე? იმიტომ, რომ პოლიციას, „ქართულ ოცნებას“ და უსაფრთხოების სამსახურებს ძალიან სჭირდებოდათ ძალადობის სურათი, რათა დისკრედიტაცია მოეხდინათ და თავს დასხმოდნენ პროტესტს. და მათ ეს მიიღეს“, — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასურველი ნარატივი მიიღო, დეპუტატის თქმით, დადასტურდა კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებით, რომელიც ყველა მხარეს მოუწოდებდა სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ.
„რა ჯანდაბაა „ორივე მხარე“? არის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ერთი წელია მიმდინარეობს, და ახლა არის ხალხის უმცირესობა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, სადაზვერვო ოპერაციით, და ჩვენ ვცვლით ჩვენს ნარატივს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში?! არ არსებობს „ორივე მხარე“. არსებობს რეჟიმი, რომელიც თანმიმდევრულად სრესს ნებისმიერ კრიტიკას პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და შევინარჩუნოთ კონტაქტის არქონის პოლიტიკა და შევეცადოთ, სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ, მაშინაც კი, თუ საკანონმდებლო ჩარჩო მზადდება იმისთვის, რომ მათ ერთი ევროც კი ვერ მიიღონ“, — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
