აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა გაიზრდება. აზერბაიჯანული სააგენტოს „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ენერგეტიკის სექტორში, SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის თანამშრომლობა ყაზახური ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის საკითხში წარმატებით ვითარდება. 2023 წლიდან დღემდე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გლობალურ ბაზარზე 3.4 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული“, – აღნიშნა ფარვიზ შაჰბაზოვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეები განიხილავენ 2027 წლისთვის მიწოდების მოცულობის წელიწადში შვიდ მილიონ ტონამდე გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ენერგეტიკული პარტნიორობის განმტკიცებისა და ყაზახეთის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის.
პირველი არხი