ქართული პრესის მიმოხილვა 13.10.2025

ვიქტორ ყიფიანი – “ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება აუცილებლად დასრულდება სისტემის კრახით”
დანიშნავს თუ არა „ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელად რეფერემდუმს
მირიან მირიანაშვილი – “4 ოქტომბერს მრავლად იყვნენ ხელისუფლების შეგზავნილი აგენტებიც, რომელთა ნაწილი ალიბისთვის დააკავეს”
* * *
ვიქტორ ყიფიანი – “ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება აუცილებლად დასრულდება სისტემის კრახით”
“4 ოქტომბრის მოვლენები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი – ეს იყო ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულების დემონსტრირება, რაც გამოიხატებოდა ბოლო თვეების პროტესტისთვის ჩვეული მშვიდობიანი და კონსტრუქციული ფორმით; ის, რაც ვნახეთ მეორე ნაწილში, რბილად რომ ვთქვა, იყო ძალიან დიდი შეცდომა. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ძალიან ხშირად შავზე თეთრს ამბობს და სწორს არასწორად წარმოადგენს, ისე, რომ ამისთვის მცირე საფუძველიც არა აქვს ხოლმე. ხელისუფლების ამ უკიდეგანო ფანტაზიის ფონზე, როდესაც მას ასეთ საჩუქარს აძლევ, ვგულისხმობ, ათონელის ქუჩაზე მომხდარს, ბუნებრივია, ამას გამოიყენებდა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ დაკავებებს გასულ კვირას თითქმის ყოველდღიურად ვადევნებდით თვალს. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის პროპაგანდისტული დაპირისპირებაც, მეტიც, პროპაგანდისტული ომი. პროპაგანდას უნდა ძალიან ჭკვიანურად წარმართვა, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მიერ”, – აცხადებს ანალიტიკურ ცენტრ “ჯეოქეისის” ექსპერტი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება კრახით დასრულდება და…”
“არის ერთი საკითხი – თავის დროზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ის, თუ რამ გამოიწვია ყოველივე ის, რაც ათონელის ქუჩაზე მოხდა, ამ ექსცესში ქართული გულუბრყვილობის, დაუდევრობის, არაორგანიზებულობისა და წინდაუხედაობის გარდა, ხომ არ მონაწილეობდა უცხო ძალაც. ამას კომპეტენტური და მიუკერძოებელი გამოძიება სჭირდება. უახლოეს მომავალში ამის მოლოდინი ვერ გვექნება, მაგრამ როცა დრო იქნება, ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ… ჩვენ და ხელისუფლება ვთანხმდებით, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში შესაძლოა გარეული იყო გარე ძალა, თუმცა ერთი დიდი განსხვავებაა – ჩვენს აღქმაში ეს გარე ძალა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ხელისუფლება კი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იშვერს ხელს. საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ ქართული ისტორია. ის, თუ რა მხარეს აღმოჩნდება საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ამით განისაზღვრება დასავლურ და ანტიდასავლურ გეოპოლიტიკურ ბანაკებს შორის ახალი გამყოფი ხაზი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.
“მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არის ნიადაგის მომზადება იმ დროისთვის, როდესაც ახალი გამყოფი ხაზი გაივლება – ანუ გვამზადებენ იმისთვის, როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი, პოლიტიკური ცხოვრებით, მმართველობის სტილით თუ პოლიტიკური უკულტურობით საქართველო იქცეს მასალად, რომელიც ავტომატურად აღმოჩნდება ანტიდასავლურ მხარედ. ამას ემსახურება ისიც, რომ გადავღალოთ დასავლეთი ჩვენით, დავარწმუნოთ ევროპელები ჩვენს უპერსპექტივობაში და დავუკარგოთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. ამითაც შეიძლება ავხსნათ ამ შესაძლო გარე ჩარევის ფაქტორი. ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საკუთრივ იდეის დისკრედიტაცას, ანუ იმის ჩვენებას, რომ არ შეიძლება საქართველო განეკუთვნებოდეს ევროპულ იდეას, ევროატლანტიკურ ბანაკს. ამ აქციის მეორე ნაწილი, ჩემი შეფასებით, ასეთ შორს მიმავალ მიზანსაც ემსახურებოდა… ის, რომ პროტესტანტების დიდი ნაწილი დარჩა აქციაზე და არ შეუერთდა ათონელის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს, არის კიდევ ერთი დასტური საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ევროპულობისა და აჩვენებს, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ პოლიტიკურ კულტურაშია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება კობახიძის პოზიციას, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც და ეს ემსახურება, ძირითადად, უიმედობის, უპერსპექტივობის განცდისა და შიშის დანერგვას საზოგადოებაში. შიშის ფაქტორის შენარჩუნება აუცილებელია რეპრესიების ტალღის გასაშლელად. უნდა ითქვას, რომ რეპრესიებს უკვე ლამის ყოველდღიური ხასიათი აქვს და მოლოდინი, რომ ეს უფრო მასშტაბური გახდება, სავსებით რეალურია… თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – არსებობს სახიფათო ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც, ანუ მუდმივ რეჟიმში რეპრესიული მანქანის მუშაობა, იწვევს მეორე მხრიდან წინააღმდეგობის პროპორციულად ზრდას. იმ სისტემამ, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, იმდენად მოაქცია საკუთარი თავი ჩიხში, რომ უკვე სხვაგვარად აღარ შეუძლია. ავტორიტარული სისტემა შენარჩუნებისთვის მუდმივად უნდა იკვებებოდეს შიდა ან გარე მტრის ხატით. ის, რაც ხდება და კიდევ მოხდება, შესაძლოა “ქართული ოცნების” “ჯიჰადადაც” შევაფასოთ, ანუ მდგომარეობად, როდესაც ფუნქციონირებისთვის, საკუთარ რიგებში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მას სჭირდება უხილავ მტერთან “ბრძოლა და გამარჯვება”, – განმარტავს ექსპერტი.
“აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებულმა ვითარებამ ერთიანობის მნიშვნელობასთან ერთად, აჩვენა ისიც, რომ სისტემაში არის სტრატეგიული გაურკვევლობა შემდგომ კურსთან დაკავშირებით და რომ რეპრესიებისას ზემოთ ნახსენები ზღვრის გადაკვეთა შეიძლება აღმოჩნდეს სისტემაში დესტაბილიზაციის ფაქტორი. ნუ გამოვრიცხავთ, რომ იქაც მიდის ჭიდილი ლიდერებსა და მათ გარემოცვას შორის. ამგვარი სისტემების ლიდერობა მარტივი არ არის. ეს უკავშირდება ძალიან დიდ რესურსებსაც – საქმე ისაა, შენ თუ სისტემაში ბენეფიციარები მუდმივად არ გამოკვებე და სარჩო არ მიეცი, მაშინ ისინი შეიძლება ძალიან საშიში გახდნენ. შორეულ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ პროცესების ლოგიკის თანახმად, ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, მით უფრო ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც ძალიან ფაქიზი სოციალური ქსოვილი აქვს, აუცილებლად დასრულდება სისტემის კრახით. უბრალოდ, საკითხავია, რა დრო დასჭირდება ამას და ეს ყველაფერი რამდენად დააზიანებს ქვეყანა”, – დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი.
“ჩვენი ამოცანა მხოლოდ სისტემის დამარცხება კი არ არის, ჩვენი მთავარი ამოცანაა მისი დამარცხების შემდეგ შეიქმნას ისეთი ახალი სისტემა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრივ, ეროვნულ განვითარებას მოემსახურება. არ მინდა ისე მოხდეს, რომ იმ მომენტისთვის ჩვენ იმდენად დაკნინებული, გამოფიტული ვიყოთ, რომ ნებისა და სურვილის შემთხვევაშიც კი წარმატებას ვერ მივაღწიოთ. ამ სიტუაციის დელიკატურობა სწორედ იმაშია, რომ ერთდროულად უნდა მოვახერხოთ სისტემის დასრულებაც და ახალზე მწყობრად და ეფექტიანად გადაწყობაც. ამ ორი ამოცანის დროში დამთხვევა ქართული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. დღემდე ასეთი კომპლექსური ამოცანა ჩვენ არ გვქონია. ამას დიდწილად განაპირობებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საქართველოს თემა ორგანულად უკავშირდება რეგიონსა და მის მიღმა მიმდინარე პროცესებს – ანუ ევრაზიულ სიბრტყეში, ს საზღვრების გასწვრივ გავლენების გადანაწილებას და ამ პროცესში ახალი წონასწორობის წერტილის მოძებნას. გარე ფაქტორები და საერთაშორისო ვითარება დღეს, სამწუხაროდ, დიდი იმედის საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა საერთაშორისო კონიუნქტურაც იმდენად ეკლექტურია, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი კარდინალურად შეიცვალოს და საჩვენოდ იქცეს”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
”საზოგადოებრივმა პროტესტმა ძალიან ხანგრძლივი გამოცდა ჩააბარა და დღესაც აბარებს. ეს პროტესტი არ ყოფილიყო, მაშინ დღეს რის იმედად უნდა ვყოფილიყავით, არ ვიცი. ეს გამოცდა პოლიტიკურმა სპექტრმა სრულად ჩააგდო, რასაც დიდი მწუხარებით ვამბობ. ჩნდება სიახლის საჭიროება. ეს, ყველაფერთან ერთად, უკავშირდება ახალ მოთამაშეებსაც… აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ანალიტიკურ ცენტრშიც მიდის დუღილი და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გარკვეულწილად გავიდეთ ანალიტიკური ცენტრის საქმიანობიდან და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა – ჩათვალეთ, რომ ექსკლუზიური ინფორმაცია გაგიმჟღავნეთ”, – ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე – “დიდი მადლობა ამისთვის. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ცვლილებებისთვის და თუ გქონდათ უკვე კონსულტაცია რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან?” – პასუხობს:
“ჯერ გეტყვით იმას, რომ ეს დრომ და საჭიროებამ მოიტანა – ქართველ საზოგადოებას სჭირდება არა შავად და თეთრად დაყოფა, არამედ დაბალანსებული, გასაშუალოებული მიდგომები, რაც გამოიხატება ადეკვატურობასა და პროცესების ნორმალიზაციაში. დროა, ქართულ რეალობაში დასრულდეს ფობიებზე, ბოდვასა და კონსპიროლოგიაზე დაფუძნებული არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ უთავმოყვარეო პოლიტიკა! ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენ და ისეთ სუბიექტებს, რომლებიც იმავე კატეგორიაში არიან, რომელშიც “ჯეოქეისი”, ერთად შეგვიძლია მნიშვნელოვანი და წონიანი სიტყვის თქმა. რაც შეეხება კონსულტაციებს, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც შინაარსი და არა ფორმალური მხარე”.
“აქვს თუ არა აზრი ამ სისტემასთან საუბარს? მასში მოქცეულ სუბიექტებს, პოლიტიკოსები იქნებიან, საქმიანი ადამიანები თუ სხვა, ერთი განწყობა ნამდვილად არა აქვთ. თუ სისტემას პირდაპირ არ ვესაუბრებით, უნდა ვილაპარაკოთ მის გასაგონად. ეს უნდა შეეხებოდეს გაუმჯობესების გზებს და არ უნდა უკავშირდებოდეს ვინმეს ჩარეცხვას… უნდა გაჩნდეს განცდა, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ყველას ინტერესშია. ამან შეიძლება მოგვცეს მთავარი ეფექტი – მეორე მხრიდან წინააღმდეგობა შესუსტდეს… მოკავშირეების გაჩენა საპირისპირო მხრიდან შეიძლება იყოს გარკვეული წინაპირობა, რომ ცვლილებები მოხდეს მალე და რყევის გარეშე. ვფიქრობ, მიუხედავად სისტემის თითქოსდა მონოლითურობისა, არის გარკვეული დინებები, ტენდენციები, ჯგუფები და სეგმენტები, რომლებიც შეუძლებელია არ იყვნენ არსებულით შეწუხებული და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდნენ. მათ უნდა შეექმნათ განწყობა, რომ ხვალინდელი დღე მათთვისაც სასარგებლო იქნება. საზოგადოების დაყოფა, რასაც “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ცდილობდა და დღესაც ამაზე აკეთებს აქცენტს, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებას არ ემსახურება. ეს პოლარიზაცია უნდა დასრულდეს აუცილებლად… ასეთ შემთხვევაში ჩვენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე”, – დასძენს ვიქტორ ყიფიანი.
დანიშნავს თუ არა „ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელად რეფერემდუმს
“პროსახელისუფლებო “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” “ოცნებას” ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ევროკავშირის მიერ ახლახანს მიღებულ 2026-2030 წლების ლგბტქ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში “მკაფიო წითელი ხაზია”. ევროკომისიამ 2026-2030 წლების “ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია” პარასკევს დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დანიშნავს თუ არა „ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელად რეფერემდუმს / მმართველი პარტიის მოკავშირე ამ საკითხზე საზოგადოებრივ დისკუსიებსა და შეხვედრებს იწყებს.
“თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც გათვალისწინებულია მის ხელშეკრულებებსა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში. ევროკომისიას, პარლამენტს და საბჭოს, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი მოპყრობა და თანასწორობა”, – აღნიშნულია სტრატეგიაში. “ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს” შეფასებით, “ეს დოკუმენტი პირდაპირ “დიპ სტეიტის” მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის”. მათი თქმით, სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, “ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს”, რაც არის “მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში” და არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე – სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული “ევროინტეგრაციის” პროცესს. უმოკლეს ვადებში დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი. რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ – არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო”, – ნათქვამია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ეს განცხადება პროპაგანდის ნაწილია და არაა გათვლილი იმაზე, რომ რეფერენდუმი მართლაც ჩატარდეს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ეს თავად “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” იდეა იყოს და “ოცნებამ” არ გაითვალისწინოს”, – განაგრძობს გამოცემა.
“რეფერენდუმს ითხოვენ, მაგრამ გათვლილია იმაზე, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება. ხელისუფლება ამაზე არ წავა, რადგან, როგორც არ უნდა ილაპარაკონ, ცალსახაა, რომ რეფერენდუმში ევროპასთან ურთიერთობაზე დადებითი პასუხი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი ხელისუფლება ისპობს ამ პროპაგანდისტულ საშუალებას – ლგბტქ, ასეთი და ისეთი. “ოცნებას” ახლა, ერთის მხრივ, საკმაოდ უჭირს, რადგან ყველას, შინ და გარეთ, რეპრესიებზე აქვთ ყურადღება მიპყრობილი. სხვა რამეზე სჭირდება ყურადღების გადატანა და ახლა კონცენტრირება ხდება ს განცხადებასა თუ შესწორებაზე, რომ მთელი მედია, პროპაგანდა, შინ და გარეთ ამაზე გადაერთოს და არა იმაზე, რომ აკადემიკოს ექიმს აპატიმრებენ. სახაროვის მერე არც გამიგია აკადემიკოსი ვინმეს დაეპატიმრებინოს. ამ მიმართულების გადასაფარადაა ეს განცხადება, თორემ ჩაატარონ რეფერენდუმი, არაა პრობლემა, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ორგანიზაცია პროსახელისუფლებოა, თუმცა, ვფიქრობ, ეს მათი პოზიციაა და არ მგონია, რომ ეს იქნება გაზიარებული. არ ველოდები, რომ “ოცნება” რეფერენდუმს ჩანიშნავს, რადგან ამჟამად ისეთ მდგომარეობაში არაა, რომ ამით უფრო გაირთულოს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობა. ეს არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ -სთან ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს და იმას, რომ პროდასავლურ ვექტორზე უარს ვამბობთ. მოლდოვის მოსახლეობამ რეფერენდუმში თავისი პროევროპული განწყობა დააფიქსირა. როგორ ჩატარდა – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელისუფლებამ ხალხის მანდატი მიიღო ევროინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელებაზე. რეფერენდუმი ის დემოკრატიული საშუალებაა, რომელსაც ხელისუფლება ხალხისგან მანდატს იღებს სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის. ეს განცხადება გაკეთდა ქვეყანაში არსებულ სიტუაციისა და ევროკავშირთან ურთიერთობის ფონზე და დაახლოებით დედააზრი ესაა – თუკი ლგბტქ პროპაგანდისა და ტრანსგენდერების მიმართ კანონმდებლობის გაუქმებას მთხოვ და გინდა დავუშვა ის, რაც ევროკავშირის ხუთწლიან სტრატეგიაშია აღწერილი, მაშინ მე ეს პოზიცია მაქვს”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“კითხვაზე, რამდენად რეალურად გვთხოვენ და რამდენად მართლა სავალდებულოა წევრისთვის ის სტრატეგია, რაზედაც განცხადებაშია საუბარი, თუნდაც უნგრეთის მაგალითზე, ანჯაფარიძემ გვითხრა: “რა ვიცით, რომ უნგრეთს არ სთხოვენ? შეიძლება სთხოვენ, მაგრამ არ ასრულებს, ან სანახევროდ ასრულებს. უნგრეთი ევროკავშირისგან სოლიდურ დაფინანსებას იღებს და არცთუ რიგითი წევრია, ასეც მარტივად არაა საქმე. ორბანი საკუთარ თამაშს თამაშობს. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, როგორც კანდიდატი ქვეყანა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზე საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ლგბტქ-ის საკითხი იქნება წამყვანი, რომელსაც თვალყურს მივადევნებთ, როცა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყებაო. ამის გაუბრალოებას ვინც არ უნდა შეეცადოს, ეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რომელსაც ყურადღება მიქეცევა ჩვენი ინტეგრაციის პროცესში”, – ამბობს ანჯაფარიძე. ვახტანგ ძაბირაძე კი დარწმუნებულია, რომ თუ რეფერენდუმი ჩატარდა, ხალხი ევროკავშირში ინტეგრაციას დაუჭერს მხარს”, – დასძენს გამოცემა.
“დღეს იმას ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებას არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობა. რეფერენდუმზე ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაში კი იტყვიან, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია, ის ხალხის აზრს გამოხატავდა, რომ ხალხს არ უნდა ეს ურთიერთობა. ეს იქნება ძალიან ძლიერი პროპაგანდა, ხელისუფლება კი პროპაგანდისტულად მოგებული გამოვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. გამორიცხულია, ვერ მიიღებენ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ და არც ჩატარდება”, – დაასკვნის ძაბირაძე. ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, თუ შედეგში გადაწონა იმან, რომ ხალხი არაა თანახმა ევროკავშირს შეუერთდეს, მაშინ “ხელისუფლებას შეუძლია უბრალოდ შეკვეცოს კავშირები ევროკავშირთან, გადააწყოს მასთან ურთიერთობა, აღარ ილაპარაკოს “ღირსებით ევროპისკენ” და იმაზე, რომ 2030 წლისთვის ინტეგრაციისთვის მზად ვიქნებით. თუ რეფერენდუმზე შესაბამისი შედეგი დადგა, თემა თავისთავად დაიხურება”. დამატებით კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციურად რისი შეცვლა შეუძლია „ოცნებას” 78-ე მუხლთან დაკავშირებით, ანჯაფარიძის აზრით, ამას ალბათ ახალი საპარლამენტო დასჭირდება”, – წერს სტატიის ავტორი.
“ამას ალბათ ახალი საპარლამენტო არჩევნები დასჭირდება. თუ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და თუ რეფერენდუმის შედეგებში ხალხმა ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, თუნდაც ეს იყოს 1.5%-ს უპირატესობით, კონსტიტუციასაც ალბათ რამეს მოუხერხებენ. 78-ე მუხლის გაუქმების საკითხი დადგება, ამას თავისი იურიუდიული და კონსტიტუციური მექანიზმები აქვს. თუ ხალხმა რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა, ძველი პოლიტიკა გაგრძელდება და ოპოზიციას მეტი ბერკეტი მიეცემა ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისთვის, რომ განუხრელად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, რასაც ჯერჯერობით არ და ვერ ასრულებს”, – მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.
მირიან მირიანაშვილი – “4 ოქტომბერს მრავლად იყვნენ ხელისუფლების შეგზავნილი აგენტებიც, რომელთა ნაწილი ალიბისთვის დააკავეს”
“რას ეძახის ხელისუფლება რევოლუციას, იმ უცნაურ აქტივობას, რაც პრეზიდენტის სასახლესთან იყო? გარდა ამისა, დასავლეთის “დამკვეთად” აღიარება მტკიცებულებებს მოითხოვს. მ თუ მტკიცებულებები არ წარადგინა, როგორ შეიძლება მოითხოვოს ბოდიშის მოხდა? სავარაუდოდ, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს ამ განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ. ისინი თავს ამ პროცესების ორგანიზატორებად არ მიიჩნევენ და არც მიაჩნიათ საჭიროდ, რაიმეს გაემიჯნონ… რაც შეეხება ოპოზიციის დისკრედიტაციას, ისედაც უკიდურესად მაღალია და ამ პროცესში დამატებითი ზეწოლა მხოლოდ ხელისუფლების პოზიციებს დააზიანებს. ოპოზიციური ელექტორატის აქტივობის შეკავებას ხელისუფლება სწორედ იმ ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ახერხებდა, რომლებიც დღეს თითქოს მის წინააღმდეგ დგანან. თუ ეს პარტიები აღარ იარსებებენ, როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება ოპოზიციურ მასას?” – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დააკავებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს?!
“300-დღიანი პროტესტის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების მიუღებლობას გამოხატავდნენ. ეს აშკარა იყო. 4 ოქტომბერს მართლაც შეინიშნებოდა ცდა, რომ პარტიული აქტივის მონაწილეობა საზოგადოებრივ პროტესტად და რევოლუციურ მოვლენად გამოეცხადებინათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მათ გარეშე გაქრება, საზოგადოების უკმაყოფილება პარტიებზე აღარ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, შეეცდება საკუთარი ძალა გამარჯვებულად წარმოაჩინოს, ოპოზიციას კი დამატებით დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, მაგრამ მის სრულად გაუქმებას არ ეცდება. მან შესანიშნავად იცის, თუ ოპოზიცია საბოლოოდ მოიშლება, პირველ რიგში თავად დაზარალდება. ცარიელ და უკონტროლო სივრცეში ყოველთვის ჩნდება ახალი, ხშირად უფრო მეტად საშიში ძალა, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებას ეშინია, რომ ამ პროცესების უკან უცხო ქვეყნები დგანან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპოსპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“კიდევ ერთი საკითხი – შეერთებულმა შტატებმა ამ ოპოზიციასთან პირდაპირი თანამშრომლობა თავიდან აიცილა. ამის მიზეზი მარტივია: ოპოზიციური პარტიების არაორგანიზებულობა, საზოგადოებაზე გავლენის ნაკლებობა და ის ფაქტი, რომ ბევრ მათგანს თავად დასავლეთშიც უნდობლად უყურებენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი პირდაპირად რუსეთის აგენტობაშია ბრალებდებული. ასე რომ, თუ ხელისუფლება ამ ოპოზიციურ პარტიებს გაანადგურებს, მასთან ერთად გაქრება ის არგუმენტებიც, რომლებიც ამ დრომდე დასავლეთის კრიტიკას ამყარებდა. შედეგად, ქვეყანაში დარჩება ველი, სადაც შესაძლოა ახალი, უფრო გამართული ოპოზიცია გაჩნდეს, სწორედ ისეთი, რომლის გაჩენაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ აწყობს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“სტალინის დროინდელ რეპრესიებთან შედარება გადაჭარბებულია, თუმცა თავად სცენარი, ღამით ჩატარებული დაკავებები, რუსულ სტილს ჰგავს. ნამდვილი ძალაუფლება ასეთ თეატრალურ ჟესტებს არ საჭიროებს. თუ ხელისუფლება საკუთარ თავს ძლიერად აღიქვამს, მას არ სჭირდება, რომ მოქალაქეები ღამით აიყვანოს. იმავე შედეგს მოიტანდა დღის დაკავებებიც, თან უფრო გამჭვირვალედ და მეტი სამართლებრივი არგუმენტით, მაგრამ არჩეულია საპირისპირო გზა, ეფექტზე გათვლილი ქმედება. მედიაში წინასწარ გაჟონილი ცნობები, ღამით სპეცოპერაციები და მეორე დღეს ტელეეთერში გადაცემული კადრები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვითაა. ჩემი აზრით, ეს მოქმედებები განკუთვნილია დასავლეთისთვის. ივანიშვილი ცდილობს “რევოლუციის ჩახშობა” კანონიერ გამარჯვებად აქციოს და ამის საფუძველზე მოითხოვოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამ ქმედებებით ის ცდილობს ჩამოაყალიბოს სავაჭრო პოზიცია, ე.ი. დასავლეთს აჩვენოს, რომ ქვეყანაში ვითარებას სრულად აკონტროლებს და მასთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან, უნდა აწარმოონ პოლიტიკური კომუნიკაცია”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
გისოსებს მიღმა დღეს ყველაზე აქტუალური და დამაინტრიგებელი თემაა. არა მგონია, რომ 4 ოქტომბრის დრამატული პროცესების ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით გახდა. ვფიქრობ, ზურაბიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, თავიდანვე იყო ამ პოლიტიკური სცენარის ნაწილი, მან კი მოასწრო და სასწრაფოდ გაემიჯნა პროცესს, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის “დასჯა” ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი, უნდა ითქვას, იდეალურად არის შერჩეული. ახლა, როცა ასობით ადამიანი დაკავებულია, მაგრამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული – სურვილზე. მის დაპატიმრებაზე შიდა რეაქცია, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, რადგან ოპოზიციურ წრეებში სალომე ზურაბიშვილი ბევრს არ უყვარს. არ არის გამორიცხული, მისმა დაკავებამ საზოგადოების ერთ ნაწილში კმაყოფილებაც კი გამოიწვიოს. თუმცა სულ სხვა ამბავია გარე რეაქცია. ეს ნაბიჯი შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს იმ მოთამაშეების მოთმინების ფიალაში, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ ინარჩუნებს დიპლომატიურ თავშეკავებას”, – მიიჩნევს მირიან მირიანაშვილი.
“ორივე პრეზიდენტის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის ერთდროული პატიმრობა იქნება მოვლენათა ისეთი სიმძაფრის ნიშანი, რომელიც ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში. ასეთი მაგალითი დღევანდელ ევროპაში არ მოიძებნება. სწორედ ეს საერთაშორისო ფაქტორი შეიძლება გახდეს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისგან… მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი ისეა მოწყობილი, აშშ-ის აღიარებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა სრულფასოვნად ვერ იარსებებს. ეს, ფაქტობრივად, აქსიომაა. ჩვენი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთთან, შვილებიც იქ სწავლობენ და ქონებაც იქ აქვთ. ივანიშვილის ფინანსებიც დასავლურ ბანკებშია განთავსებული. ამ პირობებში დასავლეთთან დაპირისპირება არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იდეოლოგია – ეს იქნება მხოლოდ თვითდაზიანება”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“საქართველო ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც დასავლეთს ღიად დაუპირისპირდება. დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურობას დაკარგავს. ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს გამოაცხადებს არალეგიტიმურად. თუ ხელისუფლება მართლაც ფიქრობს რუსეთთან მჭიდრო კავშირზე, ამას ვერ განახორციელებს, საერთაშორისო კანონები და პოლიტიკური რეალობა ამას არ დაუშვებს… ცნობილია, რომ ამერიკელ და რუს დიპლომატებს შორის საუბარში საქართველოს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ ამერიკა რუსეთს დაუთმობს საქართველოს, მაშინ ამ ხელისუფლების ქმედებებს აზრი აღარ ექნება, მაგრამ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს, ამერიკა არ აპირებს საქართველოს რუსეთის გავლენისთვის გადაცემას”, დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “და ბოლოს, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით უახლოს მომავალში?” – პასუხობს:
“ოპოზიცია დისკრედიტირებულია თავიდან ბოლომდე და არ მჯერა, რომ მას რეალური მოქმედების უნარი აქვს. მისი უუნარობა ყოველთვის თვალში საცემი იყო. მეტიც, ხშირად ოპოზიციის ქმედებებს პროცესისთვის დამაზიანებელი შედეგიც კი მოჰქონდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ იმდენად ნეგატიური როლი ითამაშეს, რომ თუკი ხელისუფლება გააუქმებს ამ პარტიებს, ეს შესაძლოა გარკვეულწილად ოპოზიციური სივრცის გამწმენდი პროცესიც გახდეს, თუმცა ქვეყნისთვის მაინც დისკრედიტაციის ნიშნად ჩაითვლება. თანაგრძნობას იმსახურებენ ისინი, ვინც ამ პროცესში უბრალო აქტივისტად იყო ჩართული, ბევრს გულწრფელად სჯეროდა საკუთარი მიზნის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მრავლად იყვნენ შეგზავნილი აგენტებიც, რომლებიც მოვლენების მართვისა და თვალის ახვევის მიზანს ემსახურებოდნენ. დღეს ამ აგენტების ნაწილი ალიბის გამო დააკავეს”…
“ამიტომაც ჯერ კიდევ რთულია გარკვევა, ვის იჭერენ რეალური ბრალდებით და ვის გარკვეული სურათის შექმნის მიზნით. ამიტომ ამ პროცესის შეფასებისათვის ჯერ საკმარისი ინფორმაცია არა გვაქვს. საჭიროა დრო, რომ ფაქტები გამოკვეთილად გამოჩნდეს. საზოგადოებამ თვითონ უნდა გააანალიზოს, რა მოხდა სინამდვილეში, იმიტომ, რომ ამ პროცესში მანიპულირებული იყო არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თითოეული მოქალაქე, ვინც მათ ენდო. ამიტომ ოპოზიციურმა ელექტორატმა უნდა გააცნობიეროს, როგორ იქცა ოპოზიცია ხელისუფლების თამაშის ინსტრუმენტად და საზოგადოების რა ნაწილია ამაში ჩათრეული. მიუხედავად ყველაფრისა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოს ბედი არ მიდის უარესობისკენ. არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არ ჩანს ისეთი ტენდენცია, რომელიც რუსეთთან შერწყმის გზას დაუჭერდა მხარს. ის ძალები, რომლებიც მტკიცედ თვლიან, რომ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ, ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერები და გავლენიანები არიან, რომ ეს პროცესი არ დაუშვან. ამიტომ ვერ ვხედავ წინაპირობას ქვეყნის დამანგრეველი სცენარისთვის და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ ეს პოლიტიკური ხმაური დროებითია, ხოლო საქართველოს ისტორიული გზა ევროპისა და თავისუფლებისკენ მიდის”, – დასძენს მირიან მირიანაშვილი.