ჰამასის მიერ ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული, ცოცხლად დარჩენილი 20 მძევლიდან 7 უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებები.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის სამხედრო ფრთამ მძევლების გათავისუფლება დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, პროცესის დაწყებამდე ჰამასმა გაასაჯაროვა 20 გასათავისუფლებელი მძევლის ვინაობა.
ისრაელის მედია იუწყება, რომ დილის რვა საათისთვის ჰამასმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა მატან ანგრესტი, ძმები გალი და ზივ ბერმანები, ალონ ოჰელი, ეიტან მორი, ომრი მირანი და გაი გილბოა-დალალი.
განახლება: ისრაელის თავდაცვის არმიამ ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ „წითელი ჯვრისგან“ მიღებული ინფორმაციით, ქალაქ ღაზიდან წამოიყვანეს შვიდი გათავისუფლებული მძევალი. მათ ღაზის სექტორიდან ჩაიყვანენ ისრაელის რეიმის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, სადაც პირველადი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ოჯახის წევრებს შეხვდებიან. მოგვიანებით, ყოფილ მძევლებს რეაბილიტაციისთვის გადაიყვანენ თელ-ავივთან მდებარე სამედიცინო ცენტრში.
ჰამასის მიერ კიდევ 13 მძევლის გათავისუფლება დილის ათი საათიდან იგეგმება. მათ „წითელ ჯვარს“ სავარაუდოდ, გადასცემენ ღაზის სექტორის სამხრეთში.
მძევლების გათავისუფლების მოლოდინში მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ღაზის სექტორთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებშიც.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ორი ათასამდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში, ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად, ჰამასმა ისრაელს უნდა გადასცეს დაღუპული მძევლების ცხედრებიც. გეგმა ასევე ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ისრაელში ჩადის. თეთრი სახლის ინფორმაციით, ისრაელისკენ მიმავალი პრეზიდენტი თვითმფრინავში ადევნებს თვალ-ყურს მძევლების გადაცემას.
დღეს დაგეგმილია დონალდ ტრამპის გამოსვლა ისრაელის პარლამენტში და მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და გათავისუფლებული მძევლების ოჯახებთან. ისრაელის ქალაქების ქუჩებში გამოფენილია პლაკატები ტრამპისადმი სამადლობელი სიტყვებით.
