შენგენის ზონაში ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა

12 ოქტომბერს, შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოთა შორის რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შესვლისა და გასვლის ახალი ელექტრონული სისტემა (EES) ამოქმედდა.
ამიერიდან საჭირო ხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან, მათ შორის შენგენის ზონაში უვიზო შესვლის უფლების მქონე პირებისგან (მათ შორის საქართველოს), ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა.
ახალი სისტემა თავდაპირველად სამ ქვეყანაში დაინერგება, რომელთა ხელისუფლებამაც გამოაცხადა მისი დაუყოვნებლივ დანერგვისთვის მზადყოფნა: ესენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, და ლუქსემბურგი. გერმანიაში ის თავიდან დიუსელდორფის აეროპორტში ამოქმედდება.

EES ელექტრონულად აღრიცხავს შენგენის ქვეყნებში ხანმოკლედ ჩასული მესამე ქვეყნის მოქალაქეების მონაცემებს.
ეს წესი არ გავრცელდება შენგენის ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეებზე (ამჟამად 29 ქვეყანას მოიცავს). მათთვის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ცალკე რიგები იქნება.
სისტემა შექმნის შენგენის ზონაში სტუმრად ჩასულ მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების ციფრულ ბაზას. შემდგომი სასაზღვრო გადაკვეთებისას მათი ბიომეტრიული მონაცემები გადამოწმდება ამ ჩანაწერთან შედარებით.
ინფორმაცია შეინახება საერთოევროპულ მონაცემთა ბაზაში, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტიანად აკონტროლოს უცხოელთა გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. ევროკომისია თვლის, რომ EES ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს ევროპელი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოებას.
სისტემის თანდათანობით დანერგვა მოსალოდნელია ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. 2026 წლის 10 აპრილისთვის ის, სავარაუდოდ, შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში ამოქმედდება, რის შემდეგაც პასპორტის ბეჭდების საჭიროება მთლიანად გაქრება.
ფორუმი