თბილისში საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით: „საქართველოს ვერ დაატყვევებ“ მიმდინარეობს

„საქართველოს ვერ დაატყვევებ!“- ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ თან აქვთ ბანერი, წარწერებით: „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს! ჩვენ ვართ საქართველო! ვერ შეგვაშინებთ! ყველას ვერ დაგვიჭერთ!“.
აქციის მონაწილეებს აცვიათ ზოლიანი ტანსაცმელი, რაც მათი განმარტებით, დაკავებული ადამიანების მხარდაჭერად სიმბოლურად ჩაიცვეს.
აქცია-პერფორმანსის ფარგლებში მათ ასევე მავთულხლართები შეკრეს.
როგორც ისინი განმარტავენ, დღევანდელი აქცია-პერფორმანსი იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ „მავთულხლართები შემოარტყა ქვეყანას და „ქართული ოცნება“ არის რუსული რეჟიმი“. დღევანდელ აქციაზე პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების მიმართვებიდან კონკრეტული ამონარიდები წაიკითხეს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს: „თქვენ ჩასხდებით, ჩვენ გამოვალთ“. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ვერ მოგვერევით, ვერ დაგვაპატიმრებთ, მაინც გავარღვევთ ამ მავთულხლართებს“.