AI უსინათლოებს კითხვისას ვიზუალურ ინფორმაციას მიაწვდის

კითხვა კაცობრიობისთვის ფუნდამენტურ აქტივობად რჩება, თუმცა ჯერ კიდევ აწყდებიან გარკვეულ დაბრკოლებებს მხედველობადაქვეითებული ადამიანები. მართალია, არსებობს აუდიოწიგნები, რომლებიც ტექსტს იდეალურად გადმოსცემს, მაგრამ ამას თან არ ახლავს ვიზუალური გამოცდილება, სურათები, დიაგრამები თუ სხვა ელემენტები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ელექტრონული წასაკითხი მოწყობილობები და ეკრანები ბრაილის შრიფტით საკმაოდ ძვირია, შეზღუდულიც კი, რადგან მდიდრული ვიზუალური კონტენტის გადმოცემას ვერ ახერხებს. არადა, მხოლოდ ამ უკანასკნელითაა შესაძლებელი სრულყოფილი გამოცდილების მიღება.
Feel Book-ის კონცეფცია კი ხელოვნურ ინტელექტსა და ტაქტილურ ტექნოლოგიას მიმართავს ამის გამოსასწორებლად. ამგვარად, ჭკვიანი ამოცნობის სისტემების, აუდიოუკუკავშირით და რევოლუციური ტაქტილური ტექნოლოგიით ტექსტები და სურათები თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის.
დიზაინის ფილოსოფია სიმარტივეს ეფუძნება და შეუფერხებლად ინტეგრირდება ყოველდღიურობაში. პორტატიულია, შეხებით მარტივად აღიქმება და მთელ სამყაროს მომხმარებელთა თითებს ქვეშ აქცევს.
კამერის სისტემა კი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას — მოწყობილობა ფიზიკური წიგნის გვერდებს ასკანერებს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ტექსტისა და სურათების რეალურ დროში ამოსაცნობად. ტექსტს მეტყველებად გარდაქმნის და მომხმარებელს მკაფიო აუდიონარატივს სთავაზობს, გადაფურცვლისას კი ყველაფერს ავტომატურად აკეთებს და შეუფერხებელ გამოცდილებას ჰპირდება მფლობელს.
რევოლუციური ასპექტი ტაქტილურ სურათების ეკრანში შეგიძლიათ, იპოვოთ. როცა AI კამერა ილუსტრაციებს, ფოტოებსა და დიაგრამებს ადგენს, კონცეფციის მიხედვით, ისინი შეხებად გრაფიკებად გადაიქცევა მოწყობილობის ზედაპირზე. მომხმარებლებს ამ პერსონაჟების კონტურების შეგრძნება, დიაგრამების ფორმებზე დაკვირვება და კომპოზიციის გააზრება შეეძლებათ საკუთარი თითებით. ასე კი ნამდვილი მრავალსენსორული გამოცდილებაც შეიქმნება.
თუმცა აღნიშნული ცოტა სადაო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგია დინამიკურად ვერ ქმნის დეტალურ ტაქტილურ გრაფიკას რეალურ დროში იმ რეზოლუციითა და სიჩქარით, რომელსაც ეს კონცეფცია მოითხოვს… ოღონდ ამას კონცეფციის ნაკლად მაინც ნუ ჩათვლით, რადგან მისი არსებობა ერთ მთავარ რაიმეს ემსახურება, გვთავაზობს გადაწყვეტას, რომელიც აქამდე ინკლუზიური დიზაინის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნდათ.
გახსოვდეთ, წიგნების კითხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს…
marketer.ge