არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

ესპანეთი – საქართველოს (2:0) მატჩის შემდეგ სათქმელი ბევრი არაფერია, მაგრამ ობიექტური მსჯელობა აუცილებელია.
ყოველთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, შეხვედრამდე რა მოლოდინები და განწყობები არსებობდა, მერე ყველაფერი მწვრთნელს ან რომელიმე ფეხბურთელს რომ არ დავაბრალოთ.
პირველ რიგში, ესპანელთა სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, არასდროს გვითქვამს, რომ ეს შანსებს მკვეთრად გვიზრდიდა. “ფურია როხას” მთავარი ძალა გუნდურობაში, ბალანსსა და კონკურენციაშია. თუკი ვინმემ ჩათვალა, რომ სამ ქულასთან ახლოს ვიყავით, მწარედ შეცდა.
რაც გამოჩნდა, ვილი სანიოლს ასე არ ჩაუთვლია. ფრანგმა მწვრთნელმა საკუთარი და გუნდის გამოცდილებიდან ისწავლა და ესპანელებთან ისევ 4 მცველით არ წარსდგა. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. გავიხსენეთ, როგორ ვითამაშეთ ესპანელებთან სხვადასხვა ფორმაციით და რა განსხვავება არსებობდა. მეორეა, რომ მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს და ამის ზუსტი რეცეპტი არც ჩვენ გვაქვს/შეგვითავაზებია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, თურქეთთან მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი დაპირისპირების წინ შემადგენლობა როგორ გადახალისდებოდა. ამას ახლადმომჯობინებული ც ემატებოდა. ჩვენ თუ დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელების გამო ვფრთხილობდით, სანიოლმა ეს სიფრთილე არა მათი უთამაშებლობით, არამედ კონკრეტული დავალებებით დაძლია, არ ეუხეშათ და ჯარიმებს მორიდებოდნენ. ამას მატჩის შედეგის გადაწყვეტის შემდეგ ლიდერების მოხსნა მოჰყვა და მაინც დამტკიცდა ის, რასაც დაბეჯითებით ვამბობდით – ჩვენ გუნდს არ აქვს რესურსი მოკლე დროში დონის ორ მოწინააღმდეგეს ბრძოლა გაუჩაღოს.
სანიოლის დავალებებზე, ანუ იმაზე, რაც საკუთარი ყურით არ მოგვისმენია, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრებიდან თუ ესპანური მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ჩვენ გუნდს უნდა ეცადა, ბურთს მოიპოვებდა თუ არა, კვარაცხელია-მიქაუტაძის მეშვეობით სწრაფი შეტევა განეხორციელებინა, მაგრამ ამის სრულფასოვანი მცდელობა ფაქტობრივად, ერთხელ გამოვიდა, როცა “კვარა” დატრიალდა და უშუალო მეურვე პორო გააფრთხილებინა.
როგორ ვახერხებდით ევრო 2024-ზე უფრო მეტ და წარმატებულ კონტრშეტევას? – ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეებმა ჩვენი მთავარი იარაღი სრულფასოვნად შეისწავლეს და ესპანელთა მწვრთნელმა ეს არც დამალა და მეორე, სწრაფ იერიშებს ბურთის ცენტრში მოპოვება და შემდეგ შენი თავდამსხმელებისთვის კომფორტული სივრცის შექმნა უნდა მოჰყვეს. როგორც ჩანს, სანიოლმა რისკი მინიმუმამდე დაიყვანა და იმ ფონზე, როცა თანაბარ ქულებზე ბურთების ბალანსს უპირატესობა აქვს, ამ მოცემულობას გაუფრთხილდა.
არსებობდა სხვა გზა? – თეორიულად, ფეხბურთში ყველაფერი არსებობს, მაგრამ ის, რომ ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობაში დაეტოლო, ეს ფაქტობრივად, არავის გამოსდის. ეგ კი არა, გუნდს როცა რომ ამოესუნთქა, ამის საშუალებაც არ გვეძლეოდა.
კვლავ ხუთმცველიანი ტაქტიკის დაბრუნებით სანიოლმა სცადა, მოსალოდნელ მასირებულ შემოტევებს უფრო მყარად დახვედროდა, ამავდროულად კი ფლანგებიდან შეტევა მეტად წარემართა, მაგრამ თუ ჩვენ მარცხენა და ესპანელთა მარჯვენა ფლანგს შევხედავდით, არც ერთი გამოგვივიდა და არც მეორე.
რა თქმა უნდა, როცა კვარაცხელია და მიქაუტაძს გყავს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, მაგრამ ესპანეთთან ამის შესრულებას სულ სხვა დონე სჭირდება.
ესპანეთში წაგება, ვისთანაც თურქები შინ განადგურდნენ, ტრაგედია ვერ იქნება. ცუდი ისაა, ჩვენი საუკეთესოდ წარმოჩენილი მხარე რომ დავკარგეთ და ვერც ახალი მოვირგეთ ისე, როგორც საჭიროა. ბურთთან კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი თუ არ “დამეგობრდა”, არაფერი გამოვა.
ტრაგედია არა, მაგრამ დიდი პრობლემაა ის, ჩვენი ბიჭების ნაწილს დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლიათ, რის გამოც მწვრთნელს ხან ერთი მხარისთვის უწევს უპირატესობის მინიჭება, ხან მეორესთვის(აქ ქეცბაიას ნათქვამი გაგახსენდებოდათ).
რა ამბიციებიც ჩვენ დავისახეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშო და ამისთვის “რეალის”, “იუვენტუსის” თუ “ინტერის” გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომოლექტებულ თურქებს აჯობო, მეტია საჭირო, აბა უკვე მიღწეულ დონეს ვერავინ წაგვართმევს და საშუალოზე დაბალ გუნდებთან უსუსური მატჩებიც წარსულს ჩაბარდა.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული პრობლემები ნამდვილად ვერ ექნება, რადგან უხეშად და ცოტა არასასიამოვნოდ კი ჟღერს, მაგრამ “წასაგები წააგეს.” ახლა მთავარია, გუნდი გადამწყვეტ და სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრას თურქეთში როგორ ჩაატარებს. როგორ წარმათავს მწვრთნელი თამაშს ისე, რომ საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ასეთი რანგის დაპირისპირებებში უკანმოუხედავი შეტევები ისედაც არ ხდება.
დიდი ალბათობით, სანიოლი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და მიუხედავად იმისა, სექტემბერში ამან არ გაამართლა, ფლანგზე კვლავ ლუკა ლოჩოშვილს ველით. ამის მიზეზები ზემოთაც განმვარტეთ, გოჩოლეიშვილი და აზაროვი უფრო შემტევები არიან, ვიდრე მცველები. გაგახსნებთ, ერთი თვის წინ, ლოჩოშვილის გასვლისა და აზაროვის შემოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბევრად უკეთ ათამაშდა, მეტი თავისუფალი ზონა იპოვა და თითქოს ყველაფერი ხელის გულზე დევს, მაგრამ…
თურქებთან შინ კარგად შევიდა ნიკა გაგნიძე და ალბათ ქოჩორაშვილი-კიტეიშვილთნ ერთად ახლაც დიაწყებს, ზურიკო დავითაშვილი კი სასტარტოს დაუბრუნდება.
რა და როგორც არ უნდა დავგეგმოთ, მთავარი მაინც ჩვენი ლიდერების თამაშზე იქნება დამოკიდებული. ახლა გუნდს უფრო გამხნევება სჭირდება, დანარჩენი კი მერე ვთქვათ.
“საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქეზე ეს კარგად ვიცოდით” – მიკელ ოიარსაბალი
“უფრო დიდი სხვაობით მოგება შეგვეძლო, მაგრამ… სანიოლის სიტყვებს ამაში გამოვიყენებთ” – დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩის შემდეგ
“თავი არ დავხაროთ და ამ დაცემაზე ვისწავლოთ!” – ქოჩორაშვილი ესპანეთთან მატჩის შემდეგ
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან – რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა – საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო – სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი
“დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო” – ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება