სირიის დამხობილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც თავშესაფარი რუსეთში მიიღო, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბიზნესცენტრ “მოსკვა-სიტიში”, სადაც ისინი 20-მდე ბინას ფლობენ. ამ ცნობას ავრცელებს გერმანიაში გამომავალი Die Zeit-ი – გამოცემა ეყრდნობა წყაროს, რომელიც, როგორც წერენ, დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ასადის უახლოეს წრეში.
გამოცემა აქვეყნებს კომპლექსის ფოტოს. იუწყებიან, რომ ბინები, რომლებსაც ალ-ასადის ოჯახი ფლობს, განთავსებულია მარცხნივ მდებარე, 76-სართულიან კოშკში – რომელსაც “მოსკვა” ჰქვია.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ ალ-ასადი იკავებს “სამ ბინას ფეშენებელურ მაღალსართულიან კორპუსში, რომლის ქვედა სართულზე სავაჭრო ცენტრია – ის ამ ცენტრს დროდადრო სტუმრობს”.
“დარჩენილ დროში ის საათებობით თამაშობს საინტერნეტო ვიდეო თამაშებს. ის ხშირად ჩერდება მოსკოვის შემოგარენში მდებარე თავის ვილაშიც” – დასძენს წყარო. მისი თქმით, ალ-ასადის ოჯახს “შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს მოსკოვში”, პირადი მცველების თანხმებით.
წყარო ასევე ამბობს, რომ ბაშარ ალ-ასადის უმცროსი ძმა, მაჰერი, ცხოვრობს სასტუმროში Four Seasons. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, მას ეს ცნობები აქვს “სანდო წყაროებისგან” – თუმცა, Die Zeit-ი აღნიშნავს, რომ ამ ცნობების გადამოწმება შეუძლებელია.
გამოცემა Financial Times ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა, რომ ბაშარ ალ-ასადის ნათესავებმა სულ მცირე 19 ბინა შეისყიდეს “მოსკვა-სიტის” ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში. შეთანხმებების გასაფორმებლად ძირითადად ოფშორულ კომპანიებს იყენებდნენ. გაზეთი წერდა, რომ უძრავი ქონების ოფიციალური მფლობელები იყვნენ ლიბანის ოფშორული კომპანიები.
ფორუმი
