ნარკობაზარზე ფინანსური ანგარიშსწორება კრიპტომატებით ხდება? – ნარკოლოგი

“ის პირები, რომლებიც დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ, არაკომპეტენტურები არიან არა მარტო ნარკოტიკის, არამედ ჯანდაცვის ბევრ საკითხში. ფსიქიატრიაში, სადაზღვევოში, ძალიან ბევრი დიდი ხვრელი გვაქვს, რომლებიც ვერ ამოივსო”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ექიმ-ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ, რომელიც პარტია “ფედერალისტების” რიგებშია.
– ბატონო ზურაბ, დღეს ყველაზე საშიში ნარკოტიკი რა არის ბაზარზე?
– ყველაზე საშიშია სინთეტიკური ნარკოტიკი, ახალი ფსიქიატრიული ნივთიერებები და ფენტანილი. უკვე არის ახალი ფსიქოაქტიური ნეოთინაზინებიც, ფენტანილის – შემდეგი თაობის ნარკოტიკი, კიდევ უფრო მძიმე და ტოქსიკური, რომელიც ჩვენთან არ შემხვედრია, მაგრამ ფენტანილი პერიოდულად ჩნდება, როცა ზედოზირების სერიებია ხოლმე.…ყველაზე მძიმე და საშიშია მეფედრინი და ალფა-პევეპე, რომლებსაც დღეს ბევრი მოიხმარს. ფაქტობრივად, ეპიდემიაა. ეს იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე უმძიმეს ფსიქიკურ დამოკიდებულებას და გავრცელებულია ახალგაზრდებში, თინეიჯერებში, მოწყვლად ჯგუფებში, რომელთაც ამ ნივთიერებებზე ბევრი არაფერი იციან და ამიტომაც ზედოზირების ყველაზე მაღალი რისკია. ჩვენ არა ვართ მზად და არც რესურსი გვაქვს, რომ ამ ეპიდემიას შევებრძოლოთ.
– საიდან შემოდის?
დან, უკრაინიდან, ირანიდან­, თურქეთიდან, შუა აზიიდან… ყველა კარი ღიაა, ყველა საბაჟოდან შემოდის. დიდი ეჭვი მაქვს, საქართველოშიც მზადდება.
რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს ლაბორატორიები, რომლებიც ამფეტამინს ამზადებდნენ აქაც, ბათუმშიც. მაშინ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ის ლაბორატორიები კი დახურეს, მაგრამ კაცმა არ იცის, რამდენი იყო. ისეთი ნივთიერებებია, ძნელი დასამზადებელი არაა, შოვნაც არ არის რთული.…
– პროპაგანდის საშუალებები ძალიან ხელ­მისაწვდომიაო, სტატუსში წერდით.
– კი, “ტიკ-ტოკს” თუ ასქროლავ და იმ ალგორითმს მისცემთ, რომ ინტერესდებით ნარკოტიკით, ნარკოტიკების პირდაპირ პროპაგანდაა.
თან ქართული “ტიკ-ტოკი” უმძიმესი კონტენტია. ვითომ ანტინარკოტიკულია, მაგრამ სპეციალისტი რომ ისმენს, მაშინვე ხვდება, რომ ეს პროპაგანდაა. ნებისმიერი ნარკოტიკის თემასთან დაკავშირებული გზავნილი სწორი უნდა იყოს. თუ გზავნილი სწორი არ არის, პირიქით, ინტერესს იწვევს ნარკოტიკისადმი. ქართულ “ტიკ-ტოკში” ინტერესი შეიძლება პირველივე ვიდეოდან გაგიჩნდეს. უკონტროლო სოციალური სივრცეა.
– გასაღების საშუალებებზეც ვისაუბროთ.
– დღეს გასაღების უამრავი მეთოდი არსებობს, დაწყებული დრონებით და დამთავრებული მიწაში ჩაფლული ნარკოტიკით…
ეს ქსელი იმდენად გაფართოებულია, უამრავ ადამიანს რთავენ ამ ტრაფიკში. ძირითადად, ეს ბავშვები სოციალურად დაუცველები არიან. ერთ დადებაში რომ 10-20 დოლარს უხდიან, მათთვის ეს დიდი ფულია, …მერე კი თვითონაც ერთვებიან მოხმარებაში, იმიტომ, რომ ჩუქნიან, გათამაშებებია, ბონუსები და ა.შ. მოკლედ, შავი ბაზარი ძალიან კარგად მუშაობს. მარკეტინგი არაჩვეულებრივად აქვთ აწყობილი. ზუსტად იციან, ვის უნდა დაელაპარაკონ, ვის რა შესთავაზონ…
არავინ იცის, თავი ვინაა, ვის შემოაქვს.­ ეს გამსაღებელმა და დამდებმაც არ იცის. ცოცხალ ადამიანთან არა აქვთ ურთიერთობა, მხოლოდ ბოტებთან, რომლებიც იძლევიან დავალებებს. ამის გაკონტროლება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი კრიპტოვალუტით ხდება, ბიტკოინებით. ხომ ხედავთ, რამდენი ბიტკოინის აპარატი­ დადგეს საქართველოში. ვის აქვს ამდენი ბიტკოინი ამ ქვეყანაში?!
– არსებობს ასეთი მოსაზრება: ამდენი ბიტკოინის აპარატი რომ დაადგეს, ხომ ხვდებით, რომ ნარკომანებისთვისაა, ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო?
– მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს. სადაც ნახავთ ბიტკოინის აპარატს, ჩათვალეთ, რომ ყველა იქ რიცხავს ფულს, ნარკოტიკი რომ იყიდოს.
– ეს მარტო მე და თქვენ ვიცით?
– არა, ძალიან კარგად იციან. როგორ, 13 წელი არ იცოდნენ, რომ ამდენი ნარკოტიკი ტრიალებდა? დღეს გაჩნდნენ? 2 კვირის წინ ამოვიდნენ სოკოებივით?
– საინფორმაციო გამოშვებებში ძალიან ხშირად აშუქებენ, რომ იჭერენ გამყიდველებს, შემომტანებს, აცხადებენ, ამოღებულია ამდენი და ამდენი ნარკოტიკიო. ეს დაჭერები რამდენად მოქმედებს ქვეყანაში ნარკოტიკის ბრუნვაზე?
– ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ დილერს, რომელიც დაიჭირეს, ნარკოტიკი ეყიდებოდა. ესე იგი, ამდენი ნარკოტიკი­ თუ ტრიალებს ქვეყანაში, შესაბამისად, მოთხოვნაც არის. სწორად იბრძოლებ, თუ ბალანსს დაიცავ – მიწოდებას უნდა ებრძოლო, მაგრამ მოთხოვნაც უნდა შეამცირო. თუ მოთხოვნა არ შეამცირე, მიწოდება ვერ აღმოიფხვრება. დაიჭერენ ჯემალს, გაჩნდება ჯუმბერი, დაიჭერენ ჯუმბერს, გაჩნდება ნინული, დაიჭერენ ნინულის, გაჩნდება ზორო “ტელეგრამის” ბოტი, რომელიც შემოიტანს ნარკოტიკს და ვერ დაიჭერ. ზორო სულ არსებებს, თუკი მოთხოვნა იქნება.
– ამას როგორ ვებრძოლოთ?
– მომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ სამედიცინო დახმარება, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, სარეაბილიტაციო თუ სამკურნალო პროგრამები…
– სახელმწიფო ხომ ჩართულია, მეტადონის პროგრამას ვგულისხმობ.
– კი, ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია, მაგრამ დღეს ტენდენცია იქით მიდის, რომ მასაც დახურავენ. ამბობენ, მომხმარებელი აღარ უნდა გვყავდესო, ესე იგი, ან უნდა დაიჭირონ და ჩაკეტონ ციხეში, ან სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნონ. 22 ადგილი გახსნეს და ჰგონიათ ამით პრობლემას­ გადაწყვეტენ? ცოტა სასაცილოა.
ახლანდელი მთავრობის წევრები, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. “ლეგალურ ნარკომანიას” უწოდებენ ჩანაცვლებით თერაპიას. ჯერ ვერ ხურავენ, იმიტომ, რომ მეტი სერვისი არა აქვთ. სად უნდა წაიყვანონ ეს ხალხი? დავანებოთ იმათ თავი, ვინც სამკურნალო პროგრამაში არ არის ჩართული. ვინც ჩართულია, 15 ათასი კაცია, რას უპირებენ ამ ხალხს, თუ პროგრამას დახურავენ?!
ალბათ, ნაწილს დაიჭერენ, ნაწილი ქვეყნიდან წავა და ნაწილი მიაკითხავს “ზოროს” ნარკოტიკის საყიდლად. ასე გაჩნდა თავის დროზე “კრაკადილი”, “ჯეფი”, “ვინტი”“და სხვა ასეთი ნივთიერებები.
ჩანაცვლებითი თერაპია იმიტომ მოიგონეს, რომ მიხვდნენ, ყველას ვერ უმკურნალებდნენ. სრული­ განკურნება 5-7%-ია. ისიც, თუ გაივლიან მინიმუმ 3-წლიან რეაბილიტაციას. ამ ადამიანებს დეტოქსი, რეაბილიტაცია და შემდეგ დასაქმება სჭირდებათ. ეს უწყვეტი ციკლია, რომელშიც ჩართული უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდით, რათა სიფხიზლე შეინარჩუნონ. ჩვენ გვაქვს კერძო კლინიკები, სახელმწიფოს კი სულ 50 ადგილი მთელ ქვეყანაში, მაშინ როცა 55 ათასი ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი გვყავს.