პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით

ია დარახველიძეს ჰქონდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გვიან წარმოადგინა დაცვის მხარემ შესაბამისი ინფორმაცია და დღეს ასევე აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს შეექმნა პრობლემები დაკავების იზოლატორში – ინფორმაციის სისწორე მყისიერად იქნა გადამოწმებული ბრალდების მხარის მიერ და მაშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოგვეთხოვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულთა საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა მიმართ აღკვეთის შეფარდების თაობაზე. პროკურატურა ოთხივეს მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის სახით გამოყენებას, თუმცა დღეს სასამართლოს სხდომაზე შეიცვალა ჩვენი მოთხოვნა ერთი კონკრეტული ბრალდებულის, ია დარახველიძის, მიმართ და მოვითხოვეთ მის მიმართ გირაოს გამოყენება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა მოთხოვნა და მოწოდება საზოგადოების მიმართ, სადაც ითხოვდა უწყება, რომ თუ მსგავსი სახის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა იარსებებდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებელთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია პირადად ჩვენთან ანუ ბრალდების მხარესთან ჰქონოდა დაცვის მხარეს წარმოდგენილი, რასაც აუცილებლად მიეცემოდა შესაბამისი შეფასება და გათვალისწინებული იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისას, როგორც ბრალდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა დღეს საქმე- ია დარახველიძეს ჰქონდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა ანუ უარყოფითი მდგომარეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გვიან წარმოადგინა დაცვის მხარემ შესაბამისი ინფორმაცია და დღეს, ასევე, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს შეექმნა კონკრეტული პრობლემები დაკავების იზოლატორში. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე მყისიერად იქნა გადამოწმებული ბრალდების მხარის მიერ და მაშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოგვეთხოვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, არა პატიმრობის, არამედ გირაოს სახით. რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ჩვენც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევის, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ მყისიერად დეტალური ინფორმაცია, რასაც აუცილებლად მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით“,- განაცხადა პროკურორმა.