საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 5.437 მლნ დოლარის (4 111 ტონა) ყურძენი შემოვიდა, რაც 2009 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული პროდუქტის იმპორტზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).
აღსანიშნავია, რომ თუ წლების განმავლობაში საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილს სომხეთი და ირანი ინაწილებდნენ, წელს პირველოსანი უზბეკეთი გახდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ცენტრალური აზიის აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში 3.056 მლნ დოლარის ღირებულების 2 327 ტონა ხილი შემოვიდა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა სომხეთი 906.9 ათასი დოლარის ღირებულების 1 007 ტონით, მესამეზე – ირანი, საიდანაც 596.1 ათასი დოლარის 351.6 ტონა ყურძენი შემოვიდა. ხუთეულში შედიან – ნიდერლანდები – 457.3 ათასი დოლარის 131.6 ტონით და თურქეთი – 401.4 ათასი დოლარის 276 ტონით.
საგულისხმოა, რომ საქართველო ძირითადად სუფრის ყურძენს ყიდულობს.
bpn.ge
