11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ დემონსტრანტს. ესენი არიან:
· ამირან დოლიშვილი, 21 წლის, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანიდან;
· გიორგი ქორქია, 54 წლის, ცხოვრობს თბილისში;
· ზაქრო ალუთაშვილი, 72 წლის;
· ირაკლი ჩხვირკია, აქტივისტი.
მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის პროკურორი ნუკრი ჭიტაძე დაკავებულებისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას ითხოვდა. ხოლო ადვოკატები გირაოს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და ოთხოვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ დარღვეულა მათი უფლებები დაკავებისას, ამირან დოლიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას სახლში მას სპეცრაზმელმა დაარტყა.
ამირან დოლიშვილის ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა სასამართლოს 3 000-დან 5 000 ლარამდე გირაო შესთავაზა.
ზაქრო ალბუთაშვილის ადვოკატმა ოთარ სუყაშვილმა განაცხადა, რომ ალბუთაშვილი მუშაობს იმ ტერიტორიაზე დაცვის სამსახურში: „როცა გამოვიდა, ღობე უკვე გადანგრეული დახვდა“.
„66 წლის კაცია, მას აქვს სიმსივნე, ერთი თირკმელი სრულად აქვს ამოკვეთილი და მეორე თირკლემზე დაწყებული აქვს პრობლემები, ასეთ ვითარებაში ადამიანის დაკავება შეიძლება ფატალურად დასრულდეს“, – განაცხადა ადვოკატმა და ალთუნაშვილისთის 3000-დან 5000 ლარამდე გირაოს შეფარდება მოითხოვა.
გირაოს ითხოვდა ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი ბორის ყურუაც, რომელიც აცხადებდა, რომ არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც მტკიცებულებების განადგურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის. ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ჩხვირკია პირველი ჯგუფის ინვალიდ დედასთან და მეორე ჯგუფის ინვალი ბებიასთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს, არიან სოციალურად დაუცველები, დევნილები და „ირაკლია მათი ერთადერთი მარჩენალი“.
„4 ოქტომბერს როცა ჩავედი და დავინახე, რომ ღობე ჩამოგდებული იყო, ღობესთან ვიდექი. შიგნით არ შევსულვარ, გაზი შემომესხა და სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზები ისროლეს, გავძახე, არ ისროლოთ, ნუ აღიზიანებთ-მეთქი. შემასხეს ცრემლსადენი გაზი, თვალები ამეწვა და გამოვედი“, – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოზე.
გიორგი ქორქიას ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმაც თქვა, რომ „საქმეში ზოგადი და არაფრისმთქმელი მასალებია“. ქორქიას დაცვის მხარემაც გირაო მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში ამ პროცესის პარალელურად გრძელდება კიდევ ოთხი ბრალდებულის, ია დარახველიძის, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძის და რამაზ მამულაძის სხდომა. მათ საქმეს განიხილავს მოსამართლე – თემურ გოგოხია. პროკურატურააქაც აღკვეთის სახით მათთვისაც პატიმრობას ითხოვს.
ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან ყველას პატიმრობა შეუფარდეს გარდა გიორგი ჩახუნაშვილისა – 71 წლის ექიმი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
