საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრად კიდევ ერთხელ დანიშნა ახლახან გადამდგარი პოლიტიკოსი სებასტიან ლეკორნიუ. ამის შესახებ პარიზში ელისეს სასახლემ განაცხადა.
ლეკორნიუ მაკრონის მიერ დაარსებული პარტიის, “აღორძინების” (Renaissance) სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანების წევრია.
ლეკორნიუმ თანამდებობაზე მანამდე ერთ თვეზე ნაკლები დაყო.
სებასტიან ლეკორნიუს სანამ პრემიერად დანიშნავდნენ შეიარაღებული ძალების მინისტრის პოსტი სამი წლის განმავლობაში ეკავა.
ლეკორნიუმ X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში განაცხადა, რომ მან ხელახალი დანიშვნა მიიღო როგორც „სამსახურებრივი მოვალეობა“ და დასძინა, რომ „უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი“, რომელმაც საფრანგეთი მოიცვა.
სებასტიან ლეკორნიუს კანდიდატურას კრიტიკით შეხვდნენ უკვე პირველი დანიშვნის შემდეგ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მაკრონი უნდა გადადგეს.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენეებმა 10 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ლეკორნიუს ახალი მთავრობის დაუყოვნებლივ დამხობას გეგმავენ.
საფრანგეთში სამთავრობო კრიზისის ფონზე, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 10 ოქტომბერს მოლაპარაკებები გამართა რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებთან.
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ახალმა პრემიერმინისტრმა პარლამენტში სასწრაფოდ საჭირო ეკონომიური ბიუჯეტის მიღება უნდა შეძლოს.
5 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ლეკორნიუმ გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მის მიერ წარდგენილი სამთავრობო გუნდის მიმართ აშკარა კრიტიკა გაისმა.
radiotavisupleba.ge
