დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე კიდევ ხუთ დემონსტრანტს შეუფარდა „წინასწარი პატიმრობა“. ესენი არიან:
· გენადი კუპრეიშვილი
· ალექსანდრე ჩილაჩავა
· ლაშა ივანაძე
· ლევან ჯიქია
· სულხან ტუღუში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს უკვე 31-ს – უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც განიხილეს.
პროკურატურა ყველასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, გარდა 71 წლის ექიმი გოგი ჩახუნაშვილისა. მისი პროცესი მალე დაიწყება.
მოსამართლე სიქტურაშვილის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან.
„გვაგინეს, გვირტყეს და გამოგვრეკეს იქიდან“, – უთხრა ერთ-ერთმა დამსწრემ რადიო თავისუფლებას სასამართლოს ეზოს დატოვების შემდეგ.
საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძეა, მოსამართლე კი – ფიქრია სიქტურაშვილი.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერენში ჩანს, „როგორ ახორციელებენ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას ბრალდებულები“.
მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. მას მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„აუცილებელია ისეთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რომელიც არ იქნება ბრალდებულების კეთილ ნებაზე დამოკიდებული და გარედან შებოჭავს მას”, – ამბობს პროკურორი, როინ ხინთიბიძე.
მოსამართლე სათათბიროდ არ გასულა – გადაწყვეტილება ადგილზე გამოაცხადა.
სიქტურაშვილმა ამავე საქმეზე გუშინ კიდევ ექვს, გუშინწინ კი ოთხ დემონსტრანტს შეუფარდა პატიმრობა.
წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2025 წლის პირველ დეკემბერს 12:00-ზე.
ვინ არიან ბრალდებულები
გენადი კუპრეიშვილი
44 წლის გენადი კუპრეიშვილი სენაკიდანაა.
„ადგილე მყოფი სამართალდაცების მიმართ გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას და წინააღმდეგობას უწევდა, სხვა პირებთან ერთად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით აზიანებდა ჭიშკარს და ცდილობდა შეჭრას“, – პროკურატურის მტკიცებით, ამაში გამოიხატა სისხლის სამართლის დანაშაული.
„მყავს პენსიონერი დედა, ბანკის 20 000-იანი ვალი მე თუ არ გადავიხადე, დედაჩემს ჩამოუჭრიან პენსიას. მყავს და და დის შვილი, სოციალურად დაუცველი, რომელთაც მე ვუწევ დახმარებას“, – განაცხადა მან.
„სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, ჩემს ადგილას დააყენეთ თქვენი შვილი და დედაჩემის ადგილას თქვენი თავი. გაქცევით მე არსად გავიქცევი“, – მიმართა მოსამართლეს.
„კაცურ სიტყვას ვდებ, რომ არ მივიმალები… მშვიდობიან აქციაზე წავალ თუ არ წავალ, ამას ვერ დაგპირდებით“, – მიმართა მან სასამართლოს.
ლაშა ივანაძე
34 წლის.
წარმოშობით ბათუმიდან, ცხოვრობს თბილისში.
ჰყავს ოჯახი. დასაქმებულია.
„წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, სხვა პირებთან ერთად შეიჭრა …ეზოში.. “, – წაიკითხა მოსამართლემ.
„მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მათ ჩემს მეტი მარჩენალი არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება ფიზურად მიწევს შრომა და მე შემომაქვს ლუკმაპური ოჯახში, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ“, – უთხრა მან ფიქრია სიქტურაშვილს.
სულხან ტუღუში
41 წლის სულხან ტუღუში. თვითდასაქმებული. ცხოვრობს თბილისში.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას ბრალდების შინაარი წაუკითხა, ტუღუშმა განაცხადა:
„ბრალდება გასაგებია, მაგრამ არ ვეთანხმები“.
ბრალდებული ფეხზე წამომდგარი ისმენდა ბრალს.
„შეიჭრა ეზოში, ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს“, – თქვა მოსამართლემ.
ალექსანდრე ჩილაჩავა
დროებით უმუშევარი. ცხოვრობს ზუგდიდში.
მას ბრალად ედება „ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა სხვა პირებთან ერთად“, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის „გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას და წინააღმეგონას უწევდა, ასევე სტარტეგიული ობიექტის ხელში ჩაგდენის მიზნით შეიჭრა მის [პრეზიდენტის სასახლის] ეზოში და ახორციელებდა სხვა ძალადობრივ მოქმედებებს“.
