ევროპარლამენტარების წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანიის შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა დელეგაციამ ქვეყანა ისე დატოვა, რომ „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის პარტიასთან საუბრის რესურსს ვეღარ ხედავენ, რადგან მათგან მხოლოდ შეურაცხყოფასა და ანტიევროპულ ნარატივს იღებენ.
სამაგიეროდ, ევროპარლამენტარები შეხვდნენ მათ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზას მხარს უჭერს – პროდასავლურ ოპოზიციას, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ჯგუფებს, ივანიშვილის გუნდის მიერ რეპრესირებულ არასამთავრობო სექტორს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. დილიდან დელეგაციამ სათითაოდ მოუსმინა ყველა ოპოზიციურ პარტიას და იმსჯელა სანქციების მექანიზმზე, რომლის სამიზნეებიც, მათი თქმით, იქნებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები.
ესპანელი ევროპარლამენტარი ანჩო სანჩეს ამორი და გერმანელი ტობიას კრამერი თბილისში ჩატარებულ შეხვედრებზე კომენტარს რამდენიმე დღეში, ბრიუსელში გააკეთებენ. როგორც ევროდეპუტატებმა განაცხადეს, ევროკავშირი არ განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუმცა მხარს უჭერენ პირადი სანქციების დაწესებას იმ ჩინოვნიკებზე, ვინც ადამიანების წამებას, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას და ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.