თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მანდატურებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთი პირის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. აღნიშნულს დარბაზში დამსწრეების უკმაყოფილება მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლოს შენობაში დაიწყო და სასამართლოს ეზოში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ წუთებში სიტუაცია განმუხტულია. მანდატურებმა ყველა მათგანი სასამართლო ეზოდან გააძევა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს – გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
