მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება მასალა იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჯგუფურ დანაშაულს.
„მე წინასწარ ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. მე მივუთითე კიდეც, რომ პროკურორი რაზეც აპელირებდა, რომ ძალადობას და ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ალტერნატივის სახით ვიშუამდგომლე, იქნებ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – გირაო ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და პატიმრობად გამოუყენებდა. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. მე არც სააპელაციოს იმედი არ მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა გავასაჩივრო და ბოლომდე ვიბრძოლო,” – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს – გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
