4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურამ ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა

4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურამ ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა.
მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
პროკურატურის განცხადებით, ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვილმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად, „ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ“. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული კიდევ ორი პირი – ია დარახველიძე და ავთანდილ სურმანიძე „სხვა პირებთან ერთად სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, პროკურატურის განცხადებით, „სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე და კიდევ სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა.