2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია იზრდება:
· 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში – 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
· 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.
ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:
· პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
· პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
· მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
· დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.
2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა.
გაიზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:
· უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების – 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
· უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
· სააპელაციოს მოსამართლეების – 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
· საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების – 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.
გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ. კანონი, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასების ყოველწლიურ ზრდას ითვალისწინებს, 2024 წლის მარტში მიიღეს.
ფორუმი