ტაივანი დღეს პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევს

ტაივანში არჩევნებია – 20 მილიონამდე ტაივანელი დღეს პრეზიდენტსა და პარლამეტს ირჩევს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, უილიამ ლაი ჩინ-ტი, რომლის თქმით „ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
ლაი, რომელსაც ჩინეთმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან იგი ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს მოუწოდებდა, სწორი მხარე აირჩიონ, რათა ტაივანმა სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.
ლაის მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. ის აცხადებს, რომ დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ლაი ტაივანის ურთიერთობებს ჩინეთთან საფრთხეს უქმნის. ეს კანდიდატი ამომრჩევლებს პეკინთან უკეთეს კავშირებს ჰპირდება.
საპრეზიდენტო მარათონშია ჩართული ტაივანის სახალხო პარტიის კანდიდატი კე ვენჩჟე, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. საარჩევნო კამპანიის დროს ის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ „ომის პარტიას“ უწოდებდა.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანის მოქალაქეთა დიდი ნაწილი კუნძულის სტატუს კვოს შენარჩუნების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.
საპარლამენტო არჩევნებშუ ტაივანელებმა 113 დეპუტატი უნდა აირჩიონ. სულ არჩევნებში 16 პარტია მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ