ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი ქართველი ხალხი წინაშე ტყუის და ქართველი ხალხის სიმართლის ეშინია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ყველას შეხვდეს, ვისაც ამის სურვილი აქვს.
„სინამდვილეში, ჩვენი მთავარი ძალა არის ჩვენს სიტყვაში და პირიქით, ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს, არის ეს ლევან ხაბეიშვილი თუ რასა იუკნევიჩიანე. ვინც არ უნდა იყოს მეორე მხარეს, მზად ვართ, ყველას ყველანაირ ფორმატში ვესაუბროთ იმიტომ, რომ ვიცით ჩვენი და ქართველი ხალხის სიმართლე. სინამდვილეში, ზუსტად ისინი არიან, ვინც თავს არიდებენ ასეთ საუბარს იმიტომ, რომ ეშინიათ. სინამდვილეში, ყველაზე დიდი შიში, რაც დღეს ბრიუსელს საქართველოსთან დაკავშირებით აქვს, ეს არის სიტყვის შიში. მათ ჩვენი მართალი სიტყვის ეშინიათ. ბრიუსელი იკეტება, არ იმჩნევს, თვალს ხუჭავს იმიტომ, რომ იცის, როგორც კი ქართველი ხალხის სიმართლესთან აღმოჩნდება, იქვე დამარცხდება მათი ცრუ ნარატივი, რომელიც არ ვიცი, რომელი სახელმძღვანელოდან არის, მაგრამ ფაქტია, რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არის ნაკარნახევი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით მზად არის შეხვდეს შესაბამის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის თაობაზე გამაყრუებელი სიჩუმე არის. ბრიუსელი დღეს არის მტყუანი საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელი ქართველი ხალხი წინაშე ტყუის და ქართველი ხალხის სიმართლის ეშინია. თუ აქვს ვინმეს სურვილი პარლამენტში შეხვედრის, მობრძანდნენ და შევხვდებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „ორი მორალური ღერძია, რომელზეც დღეს ევროპარლამენტი დგას – მიხეილ სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება“.
„არ ვიცი, რომელი დელეგაცია კონკრეტულად, თუმცა, ვიცით ევროპარლამენტის დღევანდელი მდგომარეობა რაც არის, შეგახსენებთ მათ რეზოლუციას. არის ორი მორალური სვეტი, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ეყრდნობა. მათი პირველი მორალური სვეტი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატი, პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალი. მეორე, მათი მორალური ღერძია, რომ მილიონ 120 ათასი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე არის არაფერი, არარაობა. 2024 წელს მათ რომ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, მილიონ 120 ათასი საქართველოს მოქალაქე ევროპარლამენტმა გამოაცხადა არარაობად, ვინაიდან თქვეს, რომ არ აღიარებენ მათ ნებას და საქართველოს პარლამენტს. ეს არის 2 მორალური ღერძი, რომელზეც დღეს ევროპარლამენტი დგას- მიხეილ სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც საკუთარი ხელისუფლება აირჩია. ერთი კითხვა უნდა დაუსვათ ყველა ამ ადამიანს – ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად. მათი ნება, რომელიც გაცხადდა 2024 წელს, სხვათა შორის განმეორდა ახლა, იგივე ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და თქვეს, რომ მათი ნება არ ითვლება. თუ გექნებათ შეხება ამ დეპუტატებთან, ჰკითხეთ და თუ თქვეს, რომ მხარი დაუჭირეს, რა თქმა უნდა, ისინი არიან ანტი დემოკრატები და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი ადამიანები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
