რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 8 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დასავლელი „მოთამაშეების“ ცნობილი ჯგუფის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში დაუფარავი ჩარევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესებში “ერეოდნენ”, სახელდობრ, “მოთამაშეები”, მისი სიტყვებით, “სახელმწიფოების” დასახელება, “გულწრფელად რომ ითქვას, სწორი არ იქნება.”
„ევროკავშირისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მ.ნ. სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 4 ოქტომბრის საღამოს პირდაპირ მოუწოდა კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ. სცადეს თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ოფიციალური შენობის შტურმი. გამოიყენეს ყველა ის ძველი „თარგი“, რომლებიც აქტიურად იყო გამოცდილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.“
მან თბილისში გამართული აქციის მონაწილეები შეადარა „სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს“, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადეს. ზახაროვა მომხდარს უწოდებს პროვოკაციას, „რომლის მკაფიო მიზანიც“ საქართველოში „მაიდნის სცენარის განხორციელება, იქ მარიონეტული მთავრობის დამყარება, რესპუბლიკის სრულად დამორჩილება დასავლეთის ნებისადმი და მისი ანტირუსულ პოზიციაზე დამაგრებაა”.
“ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გამოიყენონ საქართველო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ ავანტიურაში და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მოსახდენად. ერთი სიტყვით, აქციონ ის სხვის ხელში ინსტრუმენტად გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოსაყენებლად“, – თქვა ზახაროვამ.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 8 ოქტომბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, “დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა “დიპ სტეიტის” გავლენით”, რისი “მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა ასევე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და აღნიშნა, რომ „უცხოელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც გლობალური სამხრეთის, ასევე დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს, დაადასტურეს კენჭისყრის მწყობრი და პროფესიონალური ხასიათი“.
„მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი იყო“, – განაცხადა ზახაროვამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია არ აკვირდებოდა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კენჭისყრა მშვიდად და ზოგადად დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა დარღვევები დააფიქსირეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც, საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ” „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა და ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.
ამჟამად, აქციაში მონაწილეობის ან ორგანიზების ბრალდებით დაკავებულია 36 ადამიანი.
