4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი კიდევ 13 ადამიანს წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით ბრალი წარუდგინა კიდევ 13 ადამიანს.
გამოძიების ვერსიით, ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, იერიში მიიტანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში. პროკურატურის განცხადებით, კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
„ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების — ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი — ნანა სანდერი. იგი სოციალური ქსელის გამოყენებით, აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისთვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდადებული პირების განთავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება“, — განაცხადა პროკურატურამ.
ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობა ეპიტაშვილს და საბა კორძაიას ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს და გიორგი კირვალიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია 35 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა