სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „ჰექსოგენის საქმეზე“ ბრალდებულ უკრაინის მოქალაქე დენის ჟურავლოვს თბილისში დაქირავებული ჰქონდა „კონსპირაციული ბინა“, საიდანაც ამოღებულია „კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა“. უწყების ცნობით, ჩხრეკა გლდანში ჩატარდა.
საქართველოში ტროტილის შემადგენელი ნივთიერება ჰექსოგენის შემოტანის საქმეზე უკრაინის ორი მოქალაქე 11 სექტემბერს დააკავეს:
· დენის ჟურავლოვი ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებს.
· მიხაილო სკრუპსკიი ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს.
სუსის ცნობით, MERCEDES-BENZ-ის სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უკრაინული სანომრე ნიშნები ჰქონდა, საქართველოს ტერიტორიაზე 10 სექტემბერს შემოვიდა თურქეთიდან – უკრაინიდან საქართველოში მოსახვედრად გაიარა რუმინეთი და ბულგარეთი.
„თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, – აღნიშნეს სუსში და დასძინეს, რომ ასევე ამოიღეს 8 მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი.
ბრალდების მიხედვით, სატვირთო ავტომობილს მართავდა მიხაილო სკრუპსკიი, რომელმაც საქართველოში შემოსვლის შემდეგ ჰექსოგენი დენის ჟურავლოვს გადასცა.
„უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა ის, რაშიც ბრალს მდებენ“, – თქვა დენის ჟურავლოვმა 12 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე. ამ დღეს უკრაინის ორივე მოქალაქე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 236-ე – ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა; 260-ე – ნარკოტიკული საშუალების ფლობა.
