4 ოქტომბრის აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ზახაროვა იმეორებს ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს მათ დამხობას დასავლეთის დახმარებითა და მითითებებით ცდილობდნენ. ზახაროვას თქმით, საქართველოს საშინაო საქმეებში “დასავლელი მოთამაშეების ჩარევა” შემაშფოთებელია.
“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში ცნობილი დასავლელი “მოთამაშეების” ჩარევა. “სახელმწიფოების” თქმა, გულწრფელად რომ ვთქვა, მთლად სწორი არაა – “მოთამაშეები”. ევროკავშირელებისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქე მ. სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, პირდაპირ გააკეთა კანონიერი ხელისუფლების გადაგდების მოწოდება. ამ წლის 4 ოქტომბრის საღამოს თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ოფიციალურ შენობაზე შტურმი სცადეს. გამოიყენეს ყველა ძველი “შაბლონი”, რომელთა გამომუშავებაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აქტიურად მიმდინარეობდა.” – თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
ზახაროვას მტკიცებით, დემონსტრაციის ორგანიზატორთა მიზანი საქართველოში დასავლეთს დამორჩილებული “მარიონეტული რეჟიმის” დამყარება და ანტირუსული პოზიციების გამყარება იყო, რათა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ “ახალი ავანტიურისთვის” გამოეყენებინათ.
“დემონსტრანტებმა იძალადეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე. თითქოს ესენი სხვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ და არა საკუთარი თანამოქალაქეები. მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. ამ ჩავარდნილი პროვოკაციის ცხადი მიზანი იყო მაიდანის რეალიზაცია საქართველოში, მარიონეტული რეჟიმის დამყარება, რესპუბლიკის დასავლეთის ნებისთვის სრული დამორჩილება და მისი ანტირუსულ პოზიციებზე გამყარება. ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გამოეყენებინათ ახალი ავანტიურებისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღდეგ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, [უნდოდათ] გარდაექმნათ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოსაყენებელ სხვის ხელში მყოფ ინსტრუმენტად.
ქართველი ხალხის ძირეული ინტერესები, ამავდროულად, ცინიკურად იგნორდება და უგულებელყოფილია მათ მიერ, ვინც ამ ფერადი რევოლუციების, მაიდანების, გადატრიალებების უკან დგას.” – თქვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ირწმუნება, რომ მოსკოვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან “თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო” ურთიერთობა სურს.
“ვადასტურებთ ჩვენს თანმიმდევრულ მიზანდასახულობას სამხრეთ კავკასიაში ყველა ქვეყანასთან მშვიდობიან, თანასწორუფლებიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობისთვის. ვეწინააღმდეგებით რეგიონის მორიგ დაძაბული კონფრონტაციის არენად გარდაქმნას. აბსოლუტურად ცხადია, რომ მსგავსი ნეგატიური სცენარით დაინტერესებულები არიან მხოლოდ ზემოხსენებული არარეგიონული ძალები, რომლებიც ესწრაფვიან მხოლოდ საკუთარ კონიუნქტიურ მიზნებს, რომელთა დამღუპველი სახე კიდევ ერთხელ ჩაფლავდა ახლა, ამ დღეებში, მსოფლიოს ამ რეგიონში.” – თქვა ზახაროვამ.