თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის ფარგლებში დაკავებულებს ბექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილსა და სერგო მეგრელიშვილს.
ხუთივე მათგანს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფურად.
სასამართლოს სხდომა საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო.
ვახტანგ ფიცხელაურმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მისი თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დროს იძალადეს.
მისი მონაყოლის მიხედვით, დაახლოებით 17:00 საათზე, როცა საბავშვო ბაღში მიდიოდა, შვილის გამოსაყვანად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გააჩერეს და ავტომობილიდან გადმოათრიეს. შემდეგ წაიყვანეს ერთ-ერთ დაწესებულებაში.
„მითხრეს, რომ ნარკოლოგიურის შემდეგ გამიშვებდბენ. არადა იქედან არ გამიშვეს. სამხარაულში რომ მივედი, ხელწერილი დამაწერინეს, რომ როგორც კი დამირეკავდნენ, უნდა მივსულიყავი. განყოფილებიდან გამოვედი თუ არა იქ სხვა პოლიცია დამხვდა და სისხლით დამაკავეს”
მას ადვოკატმა სთხოვა, დეტალურად გაეხსენებინა, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ეპიზოდი.
„მანქანიდან როცა გადმომათრიეს, მაშინ იძალადეს. მეტყობა ხელებზე“, – თქვა ვახტანგ ფიცხელაურმა და მოსამართლეს დაზიანებები უჩვენა.
პროკურორი ვაჟა თოდუა ამბობს, რომ ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას მიაწვდიან იმ საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც ევალება რეაგირება.
სასამართლოს სხდომაზე როკურორმა ვაჟა თოდუამ ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ხალხი.
“ბრალდებულმა მურთაზ ზოდელავამ დემონსტრანტებს მოუწოდა, წასულიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ. ამ მოწოდების შემდეგ კი, ბრალდებულებმა დააზიანეს შენობის დამცავი ღობე”, – თქვა პროკურორმა.
მისი სიტყვებით, ბრალდებული “მანუჩარ მიქელაძე – შეიჭრა ეზოში და აგრესიას გამოხატავდა პოლიციის მიმართ“. ბექა მაჭავარიანი- ისიც შეიჭრა ეზოში და აგრესიას გამოხატავდა პოლიციის მიმართ. ასევე განახორციელებდა სხვა ქმედებებს, ვახტანგ ფიცხელაური – გამოხატავდა აგრესიას და რკინის ჯებირს ისროდა ეზოში. ასევე გამოხატავდა სხვა აგრესიულ ქმედებას, ალექსანდრე ხაბეიშვილი – პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და სხვადასხვა ნივთებს ესროდა პოლიციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ, სერგი მეგრელიშვილი – გამოხატავდა სიტყვიერ ძალადობას და ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით ცდილობდა ღობის დაზიანებას“.
„მათი ქმედებებით დაზიანდა პრეზიდენტის ადმინსტრაციის შენობის ღობე და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა… წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ბრალდებულთა ქმედებებს“, – თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
მისივე სიტყვებით, ექსპერტიზის ნაწილი დასრულებულია და დაგენილია დაზიანებული ნივთების ღირებულება. ასევე ჩატარებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რითაც დადგენილია ბრალდებულთა ვინაობა.
პროკურორის თანახმად, დაკავებულებს მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი და დამტკიცების შემთხვევაში უალტერნატივოდ ელით პატიმრობა, ამავდროულად არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
პროკურორის გამოთქმული მოსაზრებების გასაბათილებლად ვახტანგ ფიცხელაურის ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ თქვა, რომ დაკავების შესახებ 6 ოქტომბრის განჩინებაში არ წერია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„6 ოქტომბერს თუ არ არსებობდა საფრთხე, დღეს – 8 ოქტომბერს როგორ წარმოიშვა?“,- იკითხა მან.
ადვოკატის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე. ფიცხელაური 6 ოქტომბერს იყო გორში, სადაც ცხოვრობს – რუტინულ საქმეში არის ჩართული.
„იყო თავის სამსახურში. რაიმე ნიშანი, რომ აპირებდა მიმალვას, არ არის წარმოდგენილი“.
ადვიკატის თქმით, რელევანტური არაა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბარი.
„ჩვენ ვერ მოვისმინეთ პროკურორისგან უშუალოდ ბატონ ვახტანგთან ან სხვა რომელიმე ბრალდებულთან დაკავშირებით, რას ეფუძნება მიმალვის ან მტკიცებულების განადგურების ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“.
თავისი პოზიცია გამოხატა სასამართლოზე მანუჩარ მიქელაძის ადვოკატმა, გურანდა ქურდოვანიძემ. მისი თქმით, პროკურორმა აღნიშნა, რომ დრო სჭირდებათ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს, მტკიცებულება დანაშაულის ჩადენის შესახებ.
„მანუჩარ მიქელაძე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ცოლთან და ორ შვილთან ერთად. ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს. მანუჩარ მიქელაძე დააკავეს ბათუმში, ავად მყოფი დედის სანახავად [ყოფნისას]… ის წარმოშობით აჭარიდანა [სოფელ ბუთურაულიდან, საიდანაც თურქეთში საზღვრის კვეთა მარტივია]. როგორ გგონიათ, მას არ შეეძლო საზღვრის დატოვება?“,- იკითხა მან.
ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომალობა დააყენა.
ბრალდებულ ბექა მაჭავარიანის ადვოკატმა ირაკლი მახათაძემ თქვა, რომ არ არსებობს ბრალდებულის საგამოძიებო უწყებაში დაბარების უწყება.
„ბატონი ბექა ტაქსის მძღოლია. მთელ თბილისში გადაადგილდებოდა. იციან მისი მისამართი. არსებობს უწყება მისი გამოძახების შესახებ? რომ ეტაკნენ და პირდაპირ დააკავეს და დღეს აპელირებენ, რომ დაიმალებიანო…“
მანვე აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი არ იცნობს პაატა ბურჭულაძეს. მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე წარდგენილი ბრალის ფარგლებში.
ადვოკატმა გირაოს შეფარდების შუამდგმლობით მიმართა მოსამართლეს
„მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს ოჯახს, მე პირადად უზრუნველყოფ ჩემი ქონებით 7000 ლარიანი გირაოს საკუთარი ქონებით. ასევე მზად ვართ, სხვა შემზღუდველი ღონისძიებებისთვის“- თქვა ირაკლი მახათაძემ.
ბრალდებულ სერგო მეგრელიშვილის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა ჯგუფური ძალადობის შესახებ ბრალის დადგენილება წაიკითხა და პროკურორს შეკითვით მიმართა.
„ვისზე იძალადა? რა დაარბია? ვის დაემუქრა? – რაც ჩამოვთვალეთ, იქედან ერთი მაინც მითხარით, რომელი ჩაიდინა?“
ადვოკატმა ბრალში არსებული მეორე დადგენილებაც წაიკითხა, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ეხება:
„ახლავე წავალ და შევაჯანჯღარებ ღობეს. ვნახოთ, ვინმე დამიჭერს?! დაზიანდება ამით?!. სერგო მეგრელიშვილმა რა დააშავა?!. თქვენი მტიცებულებები ადასტურებს, რომ ის აქციაზე იყო, მაგრამ რა დააშავა – ეს არ მტკიცდება. [ამის მიუხედავად] პროკურატურას გარანტირებული აქვს, რომ ყველა პატიმრობაში წავა…“
ადვოკატის თქმით, სერგო მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველია. ყოველდღიურად აქვს 20 ლარი ანაზღაურება. სახლში ჰყავს ავადმყოფი ცოლი და დედა. ასევე, არასრულწლოვანი შვილი.
„ვის უნდა მიემალოს, სად უნდა წავიდეს?“, – იკითხა ადვოკატმა.
დიმიტრი ვარდიაშვილმა მოსამართლეს ბრალდებულის თავდებობა და 2-ათასლარიანი გირაოს შეფარდება შესთავაზა.
„რამდენი ადამიანიც გინდათ, იმდენი დაუდგება თავდებში, იმდენად პატიოსანი ადამიანია… თუ მე რამეში ვცდები, მითხარით ერთი გარემოება, რომელიც ბრალში ჩამოთვლილს დაადასტურებდა და გავჩუმდები… 99%-ით წინასწარ ვიცი, როგორ დასრულდება ეს პროცესი… არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პატიმრობა გამოყენებული“, – თქვა ადვოკატმა.
ალექსანდრე ხაბეიშვილის ადვოკატმა მერაბ ტურიაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც კი უცდია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შესვლა.
მისივე თქმით, ბრალდებული სოციალურად დაუცველია, მან მოსამართლეს შესთავაზა პატიმრობის ალტერნატიული შემზღუდველი ღონისძებების გამოყენება.
პროკურორმა ვაჟა თოდუამ ბრალდებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ადვოკატებისგან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, თქვა, რომ დაცვის მხარემ რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება ვერ გამოკვეთა რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შეცვლის არგუმენტად იქცეოდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს 11 საათზე გაიმართება.
მანამდე, დღეს 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის ფარგლებში დაკავებულებს თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ამავე საქმეზე დაკავებულებს – დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას.
მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობას ედავებიან.
ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 35 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 30 აქტივისტი, ხუთს აქციის ორგანიზატორობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, კიდევ სამი ადამიანი მიმალვაში იმყოფება.
ფორუმი
