საქართველოს ფსიქოლოგთა განცხადება: გამოვხატავთ უპირობო მხარდაჭერას ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიმართ

ჩვენ, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები, გამოვხატავთ უპირობო მხარდაჭერას ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიმართ – რომელიც, უკანასკნელ დღეებში მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა.

მარინე ჩიტაშვილი მრავალი წელია წარმოადგენს ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას (მეტრს) საქართველოში. მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა ეთიკის, დამოუკიდებლობისა და კრიტიკული აზროვნების მაღალი სტანდარტებით.

საქართველოს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, რომლებიც პროფესორ ჩიტაშვილს “რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად” წარმოაჩენენ, წარმოადგენს საგანგაშო საფრთხეს –  საუნივერსიტეტო და  აკადემიური სფერო მოექცეს პოლიტიკური დაპირისპირებების ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ პროფესორ ჩიტაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არის არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული უსამართლობა, არამედ  მცდელობა, დაასუსტონ აკადემიური თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება და პროფესიული ავტონომია.

ფსიქოლოგიის სფერო ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, ემპათიას და სამართლიანობას. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპებს, მათ შორის – პოლიტიკური ანგარიშსწორება ან მიზანმიმართული კამპანია ჩვენს კოლეგაზე.

ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას მარინე ჩიტაშვილს, ვუერთდებით მის ღირსეულ პოზიციას და მოვუწოდებთ ყველა პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან ის ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი პროფესია – თავისუფლება, სამართლიანობა და პიროვნული კეთილდღეობა.

ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო, რომელიც დაფუძნებულია ცნობიერების, ემპათიისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე, ვერ დარჩება გულგრილი ასეთი საჯარო ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობის წინაშე.

ჩვენ ვდგავართ მის გვერდით როგორც კოლეგები, როგორც მეცნიერები და როგორც ადამიანები, ვინც იცის, რომ სიბნელეს მხოლოდ განათლებით ებრძვიან.

ღირსება.

ხელმომწერნი:
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალები

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”