“საზმაუს მარში” პროტესტის ფორმას ცვლის – განცხადება სრულად

საზმაუს მარშის წევრებმა დღეს გაფართოებისა და გაძლიერების გეგმა წარადგინეს.

მოძრაობა, რომელიც უწყვეტი პროევროპული აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა – ყოველდღიური მარშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე – წარადგენს სამპუნქტიან გეგმას, რომლის მიხედვითაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას “სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე”.

გარდა ამისა, მოძრაობამ შეაჯამა განვლილი თვეები და ის აქტივობები, რომლებიც უწყვეტი პროტესტის განმავლობაში განახორციელეს.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ საზმაუს მარშის განცხადებას:

“ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ, განვლილის შეფასებას და მეორე მხრივ – სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს – შეფასება და განახლება – გვინდა შემოგთავაზოთ.

ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზმაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად:

  • 1 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე;
  • 6 თვის განმავლობაში ვაწარმოეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ;
  • გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით – რეგიონებში;
  • უწყვეტი რუტინის შედეგად, მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, კონკრეტული შეძახილებითა და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებების და პრობლემების არტიკულირება.
  • რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით!

გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლობიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა.

სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით ერთად დავუპირისპირდეთ. ამისათვის, ვგეგმავთ:

  1. პირველი: საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში –  პარკებში, მეტროს სადგურებში თუ ბაზრობებში – იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
  2. მეორე: მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას – არა ყოველდღიური ტრაექტორიის გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას; კონკრეტული თემით განსაზღვრულ, დათქმულ თარიღებში, საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
  3. მესამე: ანალოგიური შეთავაზება კრიტიკულ მედიებს, რა მოთხოვნებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართ გვაქვს. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფი ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი, პოლიტიკური სახეების სათქმელს.

გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ: ვერავინ შეძლებს, ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე.

თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის – ბოლომდე! მადლობა!”, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრების ერთობლივ განცხადებაში.