„სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა deep state-ის გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საჯარო დაგმობა“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ნეტგაზეთის ცნობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გახმიანებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად.
საქმე ეხება აშშ-ის საელჩოს გავლით, ტაილანდიდან რევოლუციური მიზნების დაფინანსებაზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შეერთებულმა შტატებმა განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში და გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის.
„განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა“, — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა „ნეტგაზეთთან“.
კობახიძემ თქვა, რომ არასწორი ინფორმაცია არა ხელისუფლების მიერ, არამედ მედიაში გავრცელდა.
„ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა კონკრეტულ ეჭვებს, ხომ? იყო საუბარი მაგალითად პენსიების გამოყენებაზე არეულობის დაფინანსებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ეს საპენსიო გადარიცხვები ემსახურებოდა არეულობის დაფინანსებას. მაგრამ არის სხვა თემები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები“, — განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, გამოდის, რომ ეჭვებზე დაყრდნობით საუბრობს სუს-ის უფროსი, კობახიძემ უპასუხა: „ეჭვებზე დაყრდნობითაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა“.
„წინა ადმინისტრაციის პირობებში პირდაპირ, კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში. ეს იყო, მათ შორის, USAID და NED-ი, რომლებიც აკრძალა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ. და შემდეგ, რაც შეეხება გარკვეული პროცესების გაგრძელებას, არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს, გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, როგორც ამერიკაში, ისე ევროკავშირში… ეს არ ეხება პენსიებს, მაგრამ აქ არის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში. წყარო არის ბანგკოკი, ანუ ამერიკული წყაროა. ამ წყაროებიდან ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც არიან პირდაპირ ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ამას გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ტალიაშვილთან შეხვედრამდეც ამერიკელ კოლეგებს გაუზიარეს ეჭვები.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკელ კოლეგებს გავუზიარეთ დახურულ ფორმატში ჩვენი ინფორმაცია მათ შორის, გულწრფელად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ველოდებით რეაგირებას…“, — თქვა კობახიძემ.
“ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთი ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი მოწოდება. თუ სურთ დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ასე შემდეგ, ეს უნდა დაამტკიცონ ქმედითი ნაბიჯებით და პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ. თინა ბოკუჩავამაც კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭირდა ან ევროკავშირს, ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ეს მცდელობა“, — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებების გამო, რომლებიც „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსებას“ უკავშირდება.
აშშ-ის საელჩოს გავლით, ტაილანდიდან რევოლუციური მიზნების დაფინანსებაზე სიუჟეტი მოამზადა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ და განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა.
სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ იმავე „იმედთან“ ინტერვიუში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ „გაშიფრეს“ სხვადასხვა არხი, რომლითაც საქართველოში რევოლუციური მიზნები ფინანსდება, მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.
„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს — მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი — ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„რამდენად გჯერათ, საქართველოს მოქალაქე როდესაც ხედავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახსენდებათ ბანგკოკში, რომ თურმე USAID–ს აქ ჰყოლია საპენსიო ბენეფიციარები და ასობით ათას ლარს ურიცხავენ“, — განაცხადა, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
